1.შუქნიშანი გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით რეგულირებისათვის, აგრეთვე გზის სახიფათო მონაკვეთის აღნიშვნისათვის. შუქნიშანზე გამოიყენება წითელი, ყვითელი (ან მოყვითალო), მწვანე ან თეთრი მაშუქი სიგნალები. დანიშნულების მიხედვით შუქნიშნებს შეიძლება ჰქონდეს ერთი, ორი, სამი ან ოთხი ფერადი მაშუქი სიგნალი; ამასთანავე, ფერადი მაშუქი სიგნალების განლაგება შეიძლება იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ან „T“-სებური ფორმის. შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებზე დამატებით შეიძლება გამოსახული იყოს ისარი/ისრები, სილუეტი ან (ველოსიპედისტის) კონტური. წითელი, ყვითელი და მწვანე მაშუქი სიგნალების მოქმედების დარჩენილი დროის (წამების) შესახებ დამატებითი ინფორმირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციფრობრივი ელექტრონული დაფა. გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობის შესახებ უსინათლო ქვეითის ინფორმირებისათვის ქვეითთა შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს ხმოვანი სიგნალი. შუქნიშანზე ხმოვანი სიგნალის არსებობის შემთხვევაში წყვეტილი ხმოვანი სიგნალი ქვეითს ამცნობს შუქნიშნის წითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის შესახებ და მოძრაობას კრძალავს, ხოლო უწყვეტი ხმოვანი სიგნალი მას ამცნობს შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის შესახებ და მოძრაობის ნებას რთავს.
