ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა; ბ) ( ამოღებულია); გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) საკუთრების უფლების აღიარება – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა; ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება; ვ) შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა; ზ) დროებითი შენობა – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5673 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.443 საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №386- სსმ I, №29, 04.11.2008 წ., მუხ.173 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №614- სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.233 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2463 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.404 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1248 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5501 – ვებგვერდი, 18.12.2019წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 117
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის კანონიერება
დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მოქცეულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიის უარს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის შემდგომ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა თავისთავად არ გამორიცხავს კანონით დადგენილი პირობებით საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია ნაგებობის სტატუსი და სხვა არსებითი გარემოებები, ხოლო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული უფლებამონაცვლე არ ჩართო. სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა, სადავო ოქმი შესაბამის ნაწილში ბათილად ცნო და თბილისის მერთან არსებულ კომისიას გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის კანონიერება
დავა შეეხებოდა გორში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე სათავსზე საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიის უარს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა არ უთანაბრდება სარჩელზე უარს და მისი კანონიერების შემოწმებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილი არ მოითხოვს. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ საცხოვრებელი განაშენიანების სანიტარულ-დამცავი ზონის ნორმაზე დაყრდნობით უარი დაუსაბუთებელი იყო, რადგან ნაკვეთზე დამხმარე სათავსი იდგა. საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს აქტები, შეწყვიტა სააპელაციო საჩივარზე წარმოება და უცვლელად დატოვა სარჩელის დამაკმაყოფილებელი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ბათილობა და ახალი აქტის გამოცემა
დავა შეეხებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის კანონიერებას. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა კომისიამ უარი, მათ შორის, ნაკვეთზე დროებითი ნაგებობის არსებობით დაასაბუთა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მისი მახასიათებლები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები სათანადოდ არ გამოუკვლევია. სასამართლომ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია და მიწის ზოგადად სპეციალურ ზონაში მდებარეობა თავისთავად არ გამორიცხავს უფლების აღიარებას. სასამართლომ გააუქმა სადავო განკარგულება და კომისიას გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.
- კრებულისაკასაციო არსებითი (T2)
თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა
დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უარს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღიარებისთვის აუცილებელი იყო სადავო ნაკვეთის შესაბამისი კანონის ამოქმედებამდე დაკავების დადგენა, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში აღარ იყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის უარყოფის შესახებ ქვედა ინსტანციების შედეგი უცვლელად დარჩა.
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ბათილად ცნობა და საკუთრების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემა
მოსარჩელე ითხოვდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უარის ბათილად ცნობას და მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღიარების მიზნებისათვის გასათვალისწინებელია მიწის ნაკვეთების მდგომარეობა შესაბამისი კანონის ამოქმედებამდე. სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ერთხელ უკვე აღიარებული ნაკვეთის გაერთიანებით საკუთრების ფართობის გაზრდა და მის მომიჯნავე ნაკვეთზე ხელახალი აღიარების მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ბათილობა და განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება
შპს „უ...“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასა და განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალებას ითხოვდა დამატებით მიწის ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უკვე განხილულ საკითხზე წარმოების განახლებას განმცხადებლის სასარგებლოდ შეცვლილი მდგომარეობა ან შესაბამისი ახალი გარემოება სჭირდება, ხოლო ფუნქციური ზონის შეცვლა თავისთავად საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი არ არის. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმის დაბრუნების წინაპირობები ქვედა ინსტანციებმა სათანადოდ არ დაასაბუთეს და დამატებით გასარკვევია მოთხოვნის საფუძველი და სადავო მიწაზე კოტეჯების განთავსების საკითხი. შპს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააგენტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე შესაბამის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №19 · ძალაშია 1 იან. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 18 დეკ. 2019
მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოთხოვნა, რომ მიწა სახელმწიფოს მიერ არ იყოს განკარგული, ახლებურად არის დაწერილი სიტყვების გადანაცვლებით; „ვ“ ქვეპუნქტში შენობის განმარტება პირდაპირ მოიცავს ხის კონსტრუქციას.
მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში აღიარების წესის დამტკიცების საფუძვლად პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად მთავრობის შესაბამისი დადგენილება მიეთითა; დანარჩენი ორი ცვლილება გრამატიკული ფორმების შესწორებაა.
„ე“ ქვეპუნქტში შესწორდა ფორმულირება („აშენებულით ან დანგრეულით“ და სიტყვა „პირი“ ფიზიკური პირის მითითებაში). მუხლს დაემატა ორი ახალი ტერმინის განმარტება: „შენობა“ („ვ“ ქვეპუნქტი) და „დროებითი შენობა“ („ზ“ ქვეპუნქტი).
- · გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008
მე-2 მუხლში „ა“ ქვეპუნქტი გაფართოვდა სარგებლობაზე, იურიდიულ პირებსა და 1994 წლამდე აღრიცხულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, „ბ“ ამოღებულია, „გ“-ს დაემატა გამონაკლისი „ა“-სთან მიმართებით, ხოლო „ე“ ქვეპუნქტში (დაინტერესებული პირი) შეიცვალა ფორმულირება.
- · გამოქვეყნდა 4 ნოე. 2008
„ბ“ ქვეპუნქტში სარგებლობაში არსებული მიწა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთსაც მოიცავს, „გ“ ქვეპუნქტში თვითნებურად დაკავებული მიწა შეზღუდულია ფიზიკური პირის საცხოვრებელი სახლის ნაკვეთით და მომიჯნავე მცირე ნაკვეთით, ხოლო „ე“ ქვეპუნქტში დაინტერესებული ფიზიკური პირი და იურიდიული პირი სხვადასხვა პირობებით არის განსაზღვრული.
ტერმინთა განმარტებებში ფიქსირებული თარიღები (1999 და 2007 წლის 1 იანვარი) შეიცვალა ამ კანონის ამოქმედების მომენტით, ხოლო „დაინტერესებული პირის“ ცნება სავარაუდო მემკვიდრესა და უფლებამონაცვლეზეც გავრცელდა.
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

სულხან კაპანაძე
სასამართლო წარმომადგენლობა
კონსულტაცია: ₾100

ნუგზარ მოსიძე
ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

