1.ზედა საიზოლაციო სისტემა შედგება შემდეგი ძირითადი ელემენტებისაგან: ა) გამათანაბრებელი ფენა; ბ) აირების შეგროვების (სავენტილაციო) ფენა; გ) გაუმტარი მინერალური ფენა; დ) ხელოვნური საიზოლაციო ფენა (გეომემბრანა); ე) გეომემბრანის დამცავი ფენა; ვ) სადრენაჟო სისტემა; ზ) რეკულტივაციის ფენა.
2.ზედაპირის საიზოლაციო ფენის ცალკეული ელემეტების ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენლობა დამოკიდებულია ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების თვისებებზე.
3.ზედაპირის საიზოლაციო ფენა: ა) უზრუნველყოფს განთავსებული ნარჩენების მასაში ატმოსფერული და ზედაპირული წყლების მოხვედრისაგან დაცვას; ბ) უზრუნველყოფს ჰაერისა და ზედაპირული წყლების დაცვას ნაგავსაყრელზე დაგროვილი ნარჩენებით წარმოქმნილი დაბინძურებისაგან; გ) აკმაყოფილებს ნაგავსაყრელისადმი წაყენებულ ესთეტიკურ მოთხოვნებს; დ) აკმაყოფილებს ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის შედეგად რეაბილიტირებული ზედაპირული ფენის მიზანმიმართულად გამოყენებისთვის საჭირო პირობებს.
4.ნაგავსაყრელის რეკულტივაცია უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, თითოეული სექციისა ან/და უჯრედის დახურვის შემდეგ.
5.ზედა საიზოლაციო ფენის დანიშნულება ნაგავსაყრელის სრული მდგრადობის შენარჩუნებაა. მან უნდა უზრუნველყოს ნაგავსაყრელის ფერდების მდგრადობა მოწყვეტის და წრიულ-ცილინდრული დაცურების მიმართ, რეკულტივაციის ფენის დაგების შემდეგ. მდგრადობის შემოწმება და გათვლები უნდა გაკეთდეს სხვადასხვა დატვირთვებისა და სეისმურობის გათვალისწინებით.
6.ზედა საიზოლაციო ფენა უნდა შეესაბამებოდეს შევსებული ნაგავსაყრელის გეომეტრიას, რომელიც დამოკიდებულია: ა) ნაგავსაყრელის ზედაპირების საპროექტო ტევადობასა და საბოლოო კონფიგურაციაზე; ბ) ნაგავსაყრელის ფსკერისა და ნარჩენების მასის საპროექტო დაწევაზე; გ) ლანდშაფტთან ჰარმონიზაციის ესთეტიკურ მოთხოვნებზე.
7.ზედა საიზოლაციო ფენა უნდა მოეწყოს მას შემდეგ, რაც ნაგავსაყრელის სიმაღლე მიაღწევს ნაგავსაყრელის მშენებლობის დამტკიცებულ პროექტში განსაზღვრულ საპროექტო ნიშნულებს.
8.საპროექტო თხემისა და ფერდების დახრილობა განისაზღვრება მოსალოდნელი დაწევის გათვალისწინებით, რაც დაწევის შემდეგ უნდა იყოს 2-5 % შორის. ფერდის დახრილობა უნდა განისაზღვროს ტოტალური სტაბილურობის და დაცურების გათვლების საფუძველზე, მაქსიმალური დაქანებით 1:2,5.

