1.სადრენაჟო სისტემა განკუთვნილია ნაგავსაყრელის ფსკერიდან გამონაჟონის შესაგროველად და მოსაშორებლად. სადრენაჟო სისტემა უნდა შედგებოდეს ჰორიზონტალური სადრენაჟო ფენისა და სადრენაჟო მილების ქსელისგან და ჰქონდეს შემდეგი ფიზიკური მახასიათებლები: ა) ჰორიზონტალური სადრენაჟო ფენა შედგება 0.50 მ-ზე მეტი სისქის მქონე გარეცხილი ხრეშის ფენისგან 1x10 -3 მ/წმ-ის ტოლი ან მეტი ფილტრაციის კოეფიციენტით, ნაგავსაყრელის ხანგრძლივი ექსპლუატაციის პროცესში და დატვირთვის პირობებში საკუთარი ფუნქციისა და მდგრადობის შენარჩუნების მიზნით. სადრენაჟო ფენაში გამოყენებული მასალის გრანულომეტრული შემადგენლობა უნდა მერყეობდეს 16-32 მმ-ის ფარგლებში. გადახრის შემთხვევაში ფორების ფრაქციის მაქსიმალური მოცულობა უნდა იყოს 16-32 მმ-ის ფარგლებში. სადრენაჟო მასალაში კალციუმის კარბონატის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს წონის 20%-ს; ბ) ჰორიზონტალური მილსადენის ქსელი უზრუნველყოფს გამონაჟონის მოშორებას ნაგავსაყრელის ფსკერიდან. იქ, სადაც შესაძლებელია, ჰორიზონტალური მილსადენის მოხვეულ მონაკვეთებთან უნდა მოეწყოს საკონტროლო ჭები. გათვალისწინებული უნდა იყოს მათი სათანადო ფუნქციონირების აუცილებლობა ნაგავსაყრელის სასიცოცხლო ციკლის ოპერირებისა და დახურვის შემდგომი მოვლის ეტაპების დროს. ჰორიზონტალური მილსადენის მოსაწყობად გამოყენებული მილები და შემაერთებელი კომპონენტები უნდა შეესაბამებოდნენ გამონაჟონის განსხვავებულ ნაკადებს, ჰქონდეთ საკმარისი სტრუქტურული სიმყარე და სადრენაჟო სისტემის ფუნქციაზე გამონაჟონის ქიმიური და ბიოლოგიური ზემოქმედების მიმართ გამძლეობა; გ) ნაგავსაყრელის ფსკერიდან გამონაჟონის გამყვანი მილსადენი, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მისი შეღწევა ნაგავსაყრელის საფენის სისტემაში.
2.სადრენაჟო ქსელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ნაგავსაყრელის ფსკერიდან გამონაჟონის, მათ შორის გამონაჟონი ნაწილაკების, შეგროვებას და გამოტანას, მინიმუმ 1x10 -3 მ/წმ სიჩქარით; ბ) ადვილი ექსპლოატაცია, ტექნიკური მომსახურება და შემოწმება; გ) გამონაჟონთან დაკავშირებული მყარი ნაწილაკებით ან გამონაჟონის ქიმიური ნალექით გამოწვეული გაჭედვის შემთხვევების თავიდან აცილება.
3.სადრენაჟო ქსელი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, 300 მმ დიამეტრის მქონე მილებისგან, რომელთა ზედაპირის ორ მესამედს აქვს ჭრილები ან ნაპრალები მილებში გამონაჟონის მოსახვედრად მილსადენის ტრაექტორიის მინიმალურ განივ და გრძივ დაქანებებზე დინების მინიმალური სიჩქარის უზრუნველსაყოფად ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მაქსიმალური დაშორება მილებს შორის უნდა იყოს 30 მ. სადრენაჟო მილებს და მათი შეერთების ადგილებს უნდა ჰქონდეთ ნაგავსაყრელით გამოწვეული დატვირთვის, დეფორმაციის და პერიოდულად მაღალი წნევით რეცხვის გაძლების უნარი.
4.დრენაჟის საკონტროლო ჭები უნდა დაპროექტდეს სატკეპნი მანქანებით გამოწვეული დროებითი დატვირთვებისა და ნარჩენების მასების შიდა ბიოლოგიური პროცესებით ტემპერატურის არარეგულარული მატებით გამოწვეული დროებითი ტემპერატურული ზემოქმედებების გათვალისწინებით. სათანადო სამშენებლო ზომების მიღების შემთხვევაში სადრენაჟე მილსადენის დაწევა არ უნდა განსხვავდებოდეს ნაგავსაყრელის ფსკერის დაწევისგან. საკონტროლო ჭები უნდა მოეწყოს ნარჩენების განთავსების პროცესში გამონაჟონის წარმატებით მართვისა და მოშორების მიზნით.
5.გამონაჟონის დროებით შენახვის მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემკრები ავზის მოწყობა.
6.უნდა მოეწყოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, ნარჩენი წყლების გადინების ობიექტი და სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის ფსკერსა და ნარჩენების დაგროვების ადგილებში წარმოქმნილი გამონაჟონის რეცირკულაციას ან მის მიმართვას ნაგავსაყრელის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისკენ, რომელსაც ექნება ნაგავსაყრელის გამონაჟონის მიღებისა და გაწმენდის შესაძლებლობა.

