1.საპრივატიზებო ქონების გასხვისების მიზნით დაინტერესებული პირები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობას (შემდგომში - გამგეობა) მიმართავენ განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2.განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) დაინტერესებული პირების სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა საპრივატიზებო ქონების გასხვისების თაობაზე; ბ) ინფორმაცია შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, ფართობისა და მდებარეობის შესახებ; გ) შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტო-მასალა.
3.განცხადების მიღების შემდეგ, გამგეობა დაინტერესებული პირების ჩართულობით აზუსტებს შემდეგ ინფორმაციას: ა) დაინტერესებული პირები წარმოადგენენ თუ არა ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს; ბ) ავარიული შენობა-ნაგებობა ავარიულობის ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება თუ არა V, IV ან III კატეგორიას, რაც უნდა დადასტურდეს შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის (შესაბამისი კატეგორიით) დამადასტურებელი დოკუმენტით და გაცემულ უნდა იყოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, გამგეობა ინფორმაციას უგზავნის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - ქონების მართვის სააგენტო).
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, ქონების მართვის სააგენტო: ა) აზუსტებს საპრივატიზებო ქონების მდგომარეობას გასხვისებისათვის საჭირო კრიტერიუმების მიხედვით (ფართობის დაზუსტება, ფაქტობრივი მდგომარეობა და ა.შ.); ბ) განსაზღვრავს აუქციონში საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურის ოდენობას, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში - ბიურო) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე და ამ მიზნით უზრუნველყოფს ბიუროსთვის მიმართვას; გ) საპრივატიზებო ქონების შემდგომი სამშენებლოდ განვითარების თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პოზიციის წარმოდგენის მიზნით, მიმართავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს.
6.საპრივატიზებო ქონების გასხვისებას უზრუნველყოფს ქონების მართვის სააგენტო ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად, ამ თავით გათვალისწინებული თავისებურებების გათვალისწინებით.
7.დაინტერესებული პირების მოთხოვნის შემთხვევაში, საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობის ნაცვლად, შესაძლებელია განისაზღვროს დაინტერესებული პირების მიერ მითითებული ფასის, ან მათ მიერვე წარმოდგენილი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
8.აუქციონის ჩატარებამდე, ქონების მართვის სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე 2 (ორი) თვის ვადით.
9.საპრივატიზებო ქონების შეძენის მსურველ პირს, უფლება აქვს თავად მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შესთავაზოს წინადადება საპრივატიზებო ქონების სამშენებლოდ განვითარების შესახებ.
10.დაინტერესებული პირები აუქციონის გამოცხადებამდე ქონების მართვის სააგენტოში წარადგენენ სანოტარო წესით დამოწმებულ წერილობით თანხმობას: ა) საპრივატიზებო ქონების გასხვისებაზე ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობის შესაბამისად; ბ) საპრივატიზებო ქონების აუქციონის ფორმით გასხვისების შემთხვევაში, მათ მიერ მისაღები საფასურის ოდენობის შესახებ, მათ შორის, აუქციონის დასრულების შემდეგ ფასის ცვლილების შემთხვევაში (პირდაპირ, პროცენტული მაჩვენებლით ან სხვა რაიმე ფორმით განსაზღვრული ოდენობის შესახებ).
11.დაინტერესებული პირების მოთხოვნით აუქციონზე გატანილი საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის შესაბამისად.
12.თუ აუქციონის ფორმით გატანილი საპრივატიზებო ქონების გასხვისება არ მოხდა, დაინტერესებული პირების მოთხოვნით და მათ მიერვე განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველი აუქციონით განსაზღვრულ საწყის საპრივატიზებო საფასურს) შესაბამისად, ტარდება განმეორებითი აუქციონი.
13.თუ განმეორებით აუქციონზე არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი საპრივატიზებო ქონების გასხვისება, დაინტერესებული პირების მოთხოვნით და მათ მიერვე განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განმეორებითი აუქციონით განსაზღვრულ საწყის საპრივატიზებო საფასურს) შესაბამისად, ტარდება მესამე აუქციონი.
14.აუქციონის დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით ფორმდება ქონების მართვის სააგენტოს, დაინტერესებულ პირ(ებ)სა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის.
15.ამ თავის მიზნებისათვის, დაინტერესებული პირები თავისუფლდებიან ქონების მართვის სააგენტოსთვის, კანონმდებლობით განსაზღვრული, აუქციონის ჩატარების და შემდგომი მომსახურებისთვის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. ამ თავით გათვლისწინებული აუქციონის ჩატარებას და შემდგომ მომსახურებას ქონების მართვის სააგენტო უზრუნველყოს უსასყიდლოდ.
16.თუ საპრივატიზებო ქონებაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნია ინდივიდუალური საკუთრება ან/და არის საერთო ქონების თანამესაკუთრე, აუქციონის დასრულების შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება, პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულ პირს, ამ მუხლის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფასით.
17.ამ თავით გათვალისწინებული აუქციონისას, გამოიყენება მხოლოდ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
18.აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უბრუნდება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია: ა) თუ არ შედგა აუქციონი, ქონების მართვის სააგენტოს მიერ ან/და დაინტერესებული პირების მოთხოვნით აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში; ბ) თუ შედგა აუქციონი, თუმცა დაინტერესებულმა პირებმა უარი განაცხადეს საპრივატიზებო ქონების გასხვისებაზე; გ) თუ შედგა აუქციონი, მაგრამ გამარჯვებული სხვა პირი გახდა.
19.თუ დადგა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, რაც გამორიცხავს აუქციონის მონაწილისათვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის უკან დაბრუნებას, ასეთ შემთხვევაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა ირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშზე.
20.დაინტერესებულ პირ(ებ)ს უფლება აქვთ, ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადონ ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე, მათ შორის მოითხოვონ აუქციონის შეწყვეტა.
21.გამგეობა და ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება, საპრივატიზებო ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-18 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ. თავი V 4 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 18 მაისის დადგენილება №12-35 - ვებგვერდი, 19.05.2026 წ. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების წესი და პირობები

