1.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულების მიღება, მასში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მის შესრულებაზე; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; გ) ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება, შესრულება და კონტროლი; საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება; დ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და შესრულება; ე) ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნა და განკარგვა; კომუნალური მეურნეობა; ზ) ადგილობრივი არქივის შექმნა და შენახვა; თ) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისათვის ხელის შეწყობა; ი) ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის ორგანიზება და შენახვა; მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობა; კ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება ადგილობრივი ტყის ფონდი ; ლ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმების შემუშავების და დამტკიცების ორგანიზება და კონტროლი მშენებლობის განხორციელებაზე; მ) საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებათა მშენებლობისათვის ხელის შეწყობა; ნ) ელექტროენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებისა და ლოკალური სამელიორაციო სისტემების ორგანიზება, შენახვა და განვითარება; ო) შიდა სარგებლობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა; პ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; სარიტუალო მომსახურების ორგანიზება; ჟ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და შესრულება; რ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
2.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებანი: ა) (ამოღებულია - 26.06.04 №185); ბ) გარემოსდაცვით, სანიტარიულ და ვეტერინარულ ღონისძიებათა განხორციელება; გ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში ადგილობრივი მმართველობის ორგანოსათვის ხელის შეწყობა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
3.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ მათთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განუხორციელებლობის შემთხვევაში ამ უფლებამოსილებებს ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79 საქართველოს 2004 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №185 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.76

