1.ადგილობრივი მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ: ა) განათლების სფეროში – სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების (საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლების, სკოლა-ინტერნატების, საშუალო-სპეციალური სასწავლებლების) მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას; ბ) კულტურის სფეროში – მუზეუმებისა და გამოფენების, სამუსიკო სკოლების, ბიბლიოთეკების, კინო-თეატრების, კულტურისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შექმნას, მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას; მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელებას; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში – საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების, მოხუცებულთა, ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას, უმწეოთა დახმარებას, მოსახლეობის სოციალური დაცვის და დასაქმების პროგრამების განხორციელების ორგანიზებას; დ) საფინანსო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში – ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებასა და მის შესრულებაზე კონტროლს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებასა და გაუქმებას; დაქვემდებარებული ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებას, დამტკიცებასა და შესრულებას; დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტას; გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და ვეტერინარულ ღონისძიებათა გატარების ორგანიზებას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების ფლობას, განკარგვას და ამ ქონებით სარგებლობას; ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების შექმნასა და ლიკვიდაციას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებას; სახელმწიფო პროგრამების შედგენაში მონაწილეობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ წილობრივ დაფინანსებას და ადგილებზე მათი განხორციელების უზრუნველყოფას; ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში – სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელის შეწყობას სამხედრო-სასწავლო შეკრებების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საკითხებში; მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; სამოქალაქო თავდაცვას; ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას; კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაციას; სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ხელის შეწყობას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მოსახლეობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მობილიზაციას; ვ) სხვა საკითხების გადაწყვეტას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხები ამ კანონით დადგენილი წესით, ურთიერთშეთანხმებით, შეიძლება გადაეცეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
3.ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის უფლებამოსილებათა გადაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდეგი პირობების დაცვით: ა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის უფლებამოსილებათა დელეგირება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან წინასწარი კონსულტაციების გამართვისა და მასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე; ბ) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ისარგებლოს უფლებით დასაბუთებული უარი განაცხადოს უფლებამოსილებათა დელეგირებაზე. ამგვარ დასაბუთებას შეიძლება წარმოადგენდეს დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების მიუღებლობა ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ამგვარი მომსახურების გაწევის შეუძლებლობა, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას; გ) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ისარგებლოს უფლებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოსაგან დასაბუთებულად მოითხოვოს უფლებამოსილებათა დელეგირება. ამგვარი დასაბუთება დაკავშირებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ უფლებამოსილებათა განხორციელების რეალურ შესაძლებლობასთან; დ) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელება შეუსაბამოს ადგილობრივ პირობებს; ე) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ისარგებლოს უფლებით არ შეასრულოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, თუ არ გადაეცა მის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსები; ვ) ადგილობრივმა მმართველობის ორგანომ განახორციელოს ერთი ან რამდენიმე უფლებამოსილების (ადმინისტრაციული, მომსახურებითი, საინვესტიციო, მარეგულირებელი) დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე დასაბუთებული უარის თქმის შემთხვევაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანომ უშუალოდ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ხდება იმ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79 საქართველოს 2004 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №185 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.76

