1.ცენტრი, გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა, უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებას.
2.ცენტრი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა, უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებას.
3.დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშზე და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვის ჩატარებას უზრუნველყოფს მის მიერ რეკომენდაციების გაცემის თაობაზე განცხადებით დადგენილ ვადაში.
4.გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, როცა საჯარო განხილვა ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
5.სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა ტარდება დამგეგმავი ორგანოს მიერ რეკომენდაციების გაცემის თაობაზე განცხადებით დადგენილ ადგილას, გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, როცა საჯარო განხილვა ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
6.ცენტრი სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო განხილვის ჩატარების გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, წინასწარ ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან მის შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ შეთანხმებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №2-915 - ვებგვერდი, 15.10.2020წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-309 - ვებგვერდი, 27.04.2022წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 19 ივნისის ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 20.06.2023წ.

