1.ამომრჩეველთა ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს ამომრჩეველთა ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების წარდგენის უფლებამოსილების განხორციელებამდე და მის შემდეგ.
2.საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიმართავს განცხადებით რეგისტრაციაში გატარების თაობაზე. განცხადებას უნდა ერთოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები და საინიციატივო ჯგუფის წევრთა მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ამ მასალებს უმაღლესი საბჭოს ბიურო 3 დღის ვადაში გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
3.უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართვიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.
4.რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს უმაღლეს საბჭოს, რომელიც უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს საინიციატივო ჯგუფის მიმართვას და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
5.საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება გამოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე.
6.საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება.
7.ხელმოწერების შესაგროვებლად უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორისათვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, პირად ნომერს, მისამართს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს, ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
8.შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელიც 3 დღეში გადასცემს მათ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
9.უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 20 დღის ვადაში შერჩევითი პრინციპით ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე.
10.ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც: ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას ან/და, რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული და დამოწმებული; ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მონაცემებს.
11.ხელმოწერების გაყალბებისათვის პასუხს აგებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12.თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 20 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან/და კონსტიტუციური კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.
13.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში მიმართოს სასამართლოს.
14.ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და 20 000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელსაც, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით, ხოლო ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.
