1.სააგენტო ვალდებულია დაიწყოს წარმოება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადების/მომართვის საფუძველზე.
2.სააგენტო, ასევე, ვალდებულია განცხადების წარდგენის გარეშე დაიწყოს წარმოება კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით.
3.სააგენტო ვალდებულია, განცხადების წარდგენისთანავე, დაარეგისტრიროს განცხადება და მიანიჭოს მას უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი.
4.სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დაარეგისტრიროს როგორც სპეციალური ელექტრონული პროგრამების მეშვეობით, ისე ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო წიგნში.
5.თუ განცხადება წარმოდგენილია ფოსტის მეშვეობით ან ჩაბარებულია სააგენტოს კანცელარიაში სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციის გარეშე, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს აღნიშნული განცხადება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში და მიანიჭოს მას უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი.
6.კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით, სააგენტო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს განცხადება, რომელსაც მიენიჭება უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი. აღნიშნული წესი, ასევე, ვრცელდება ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცემაზე.
7.განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის ფორმა და შინაარსი არ წარმოადგენს განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.
8.დაინტერესებული ფიზიკური პირის (მათ შორის, მისი წარმომადგენლის) ვინაობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის საფუძველზე. დასაშვებია დაინტერესებული პირის/წარმომადგენლის ვინაობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან საერთაშორისო მართვის მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად ასევე მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა.
9.დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დასადგენად სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი. სარეგისტრაციო განცხადების მიღებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დადგენის მიზნით, გამოიყენოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა. თუ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისას ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტის საფუძველზე პირის ვინაობის დადგენა შესაძლებელია ელექტრონულ მონაცემთა ბაზით, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას არ დაერთვის დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაბეჭდი ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან.
10.სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა პირის (მოწმე, ექსპერტი და სხვ.) ვინაობა დაადგინოს დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული ალგორითმით ვერიფიკაციის გზით ფიზიკური პირის სახისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბინადრობის მოწმობის მონაცემების სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან შედარებას.
11.თუ დაინტერესებული პირის ვინაობა დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ვერ დადგინდა, სააგენტო განცხადებას არ დაარეგისტრირებს ან/და გარიგებაზე/სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე ხელმოწერას არ დაამოწმებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 13 აპრილის ბრძანება №817 - ვებგვერდი, 13.04.2022 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №860 - ვებგვერდი, 23.08.2022 წ.

