1.განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს წერილობით. განცხადების ფორმა და რეკვიზიტები მტკიცდება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2.განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია.
3.მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
4.განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს პირადად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს დედნის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის, ხოლო ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ შემთხვევებში – ასევე ელექტრონული ასლის სახით.
6.წერილობითი ფორმით დადებული გარიგება მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო წესით დადასტურებული სახით ან გარიგების მხარეთა ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმებული სახით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.
7.სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს, თუ ისინი ლეგალიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.
8.მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დედნის ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეინახოს ელექტრონული ასლის სახით.
9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.
10.მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

