1.სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა ბავშვის შესაბამის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირება, გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების შემთხვევისა.
2.ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია ხორციელდება 2020 წლის 15 აგვისტოდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე.
3.ბავშვის ელექტრონულ პორტალზე დასარეგისტრირებლად ბავშვის ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი პორტალზე ავსებს ელექტრონულ განცხადებას.
4.ელექტრონული განაცხადი მოიცავს: ა) ბავშვის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობას ან სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ „არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათს. ბ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (მშობლის გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ შევსების შემთხვევაში დამატებით ატვირთული უნდა იქნეს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი); გ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელზე (გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მიმართებით) კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს; დ) საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერს, რომელზეც მოხდება სოციალური დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
5.ელექტრონულ პორტალზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად შეყვანითა და ელექტრონულ პორტალზე არსებული შესაბამისი ველების მონიშვნით მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ასრულებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას.
6.ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს და უფლებას აძლევს სააგენტოს სოციალური დახმარების მიღებისათვის საჭირო მისი და ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ასევე მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას.
7.სოციალური დახმარების გაცემის მიზნით ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებული მონაცემების დამუშავება მოიცავს: ა) რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის, ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ბავშვს შორის ურთიერთკავშირი, მოქალაქეობრივი სტატუსი, ბინადრობის სტატუსი, გარდაცვალება) შედარებას სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან; ბ) ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა) ფაქტის შედარებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან, რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის; გ) შემოსავლების სამსახურის მეშვეობით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მითითებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების სისწორის (მათ შორის, საბანკო ანგარიშის კუთვნილება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენლთან, გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მიმართებით) შედარებას.
8.სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით ზრუნვის სააგენტო ვალდებულია: ა) სააგენტოს მიაწოდოს სია (რეესტრი), ბავშვების პირადი მონაცემებით; ბ) საბანკო ანგარიშის ნომრები; გ) აქტიურად ითანამშრომლოს სააგენტოსთან სოციალური დახმარების გაცემისათვის, მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით.
9.სოციალური დახმარება გაიცემა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დასრულებისა და მონაცემთა დამუშავების შემდგომ, შესაბამისი კომერციული საბანკო დაწესებულებისათვის სოციალური დახმარების თანხის ჩარიცხვით, სააგენტოსა და კომერციულ საბანკო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
10.სოციალური დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის (სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სააგენტოსათვის ერთიანი სიის მოწოდების დღეს) არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არის საქართველოს მოქალაქე, ან არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ან არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი. სოციალური დახმარება გაიცემა მიუხედავად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდგომ ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისა (მათ შორის, ბავშვის გარდაცვალება).
11.ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული ბავშვის ერთ-ერთ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ელექტრონული განაცხადის კორექტირება (მათ შორის, სააგენტოს საზღვრის კვეთის გამო მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე) განახორციელოს 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №569 – ვებგვერდი, 10.09.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №720 – ვებგვერდი, 02.12.2020წ.

