1.სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
2.განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ყველა კატეგორიის სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ბავშვის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა), ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში, მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები); ბ) ქმედუუნარო პირის/მხარდაჭერის მიმღები პირის შემთხვევაში – მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება; დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ; ე) (ამოღებულია – 11.05.2022, №237); ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მაძიებელს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა გავლილი აქვს 2024 წლის 1 თებერვლის შემდგომ პერიოდში და, შესაბამისად, მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ინფორმაცია შეტანილია ელექტრონულ სისტემაში; ზ) მარჩენლის გარდაცვალების გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – მარჩენლის გარდაცვალების მოწმობა, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში − ორივე მშობლის გარდაცვალების მოწმობა; თ) ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – მარჩენლის გარდაცვალების მოწმობა (ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში − ორივე მშობლის გარდაცვალების მოწმობა), საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში – ვეტერანების საქმეთა სამსახური) მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში), ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), დაბადების მოწმობა (შვილის შემთხვევაში); ი) ომის მონაწილის შემთხვევაში – ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) ომის ინვალიდის შემთხვევაში – სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მაძიებელს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა გავლილი აქვს 2024 წლის 1 თებერვლის შემდგომ პერიოდში და შესაბამისად მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ინფორმაცია და მიზეზობრივი კავშირი ომთან ასახულია ელექტრონულ სისტემაში; ლ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ; მ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – გარდაცვალების მოწმობა (ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში − ორივე მშობლის გარდაცვალების მოწმობა), სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში), ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), დაბადების მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება (შვილის შემთხვევაში); ნ) მარტოხელობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა (ასეთის არსებობისას), შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობები (ასეთის არსებობისას). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის დადგენილება №310 - ვებგვერდი, 24.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №459 – ვებგვერდი, 08.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №683- ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 მაისის დადგენილება №237 - ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №566 - ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 17.01.2024წ.

