1.მიმწოდებელი, რომელიც ემსახურება საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ან/და მცირე საწარმოს, მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით, ქმნის არანაკლებ ერთ მომსახურების ცენტრს. დასაშვებია მომსახურების ცენტრის განთავსება სხვა იურიდიული პირის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში ან/და მომსახურების ცენტრში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონითა და კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილ სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნებს.
2.მომსახურების ცენტრი მომხმარებელს, როგორც ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ისე – მომხმარებლის უშუალო ვიზიტისას, აწვდის, სულ მცირე, ამ წესების მე-12 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მომხმარებელი უფლებამოსილია, მომსახურების ცენტრში მოითხოვოს მიწოდების ხელშეკრულების, მიმწოდებლის შეცვლის შესახებ განაცხადის, აგრეთვე, ასეთის არსებობის შემთხვევაში – პრეტენზიის ფორმისა და სხვა სახის განაცხადის ფორმის მატერიალური სახით მიღება.
3.მომსახურების ცენტრში მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მიწოდების ხელშეკრულების დადებისა და პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობა.
4.მიმწოდებელმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები იმისათვის, რომ მომსახურების ცენტრი იყოს მომხმარებლებისთვის თვალსაჩინოდ იდენტიფიცირებული.
5.მომსახურების ცენტრის სამუშაო საათების განსაზღვრისას, მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელთა საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოს მომსახურების ცენტრის საღამოს 20:00 საათამდე ფუნქციონირება, სულ მცირე, კვირაში ერთხელ.
6.მომსახურების ცენტრში მომხმარებლის ვიზიტის განხორციელების მიზნით, შესაძლებელი უნდა იყოს წინასწარი ჩაწერა ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად და აღნიშნული განრიგი უნდა იყოს დაცული.
7.მიმწოდებელი უზრუნველყოფს შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის ინფორმაციის მიწოდებას ან/და დახმარების გაწევას პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია იმ მომხმარებლების მიერ, რომლებსაც ემსახურება მიმწოდებელი და რომლებიც ეხება გადაცემასთან ან/და განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებლის პრეტენზია, რომელიც შეეხება სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას, ერთი დღის ვადაში გადაუგზავნოს შესაბამის სისტემის ოპერატორს და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მომხმარებელს.
8.მიმწოდებელი უფლებამოსილია, გარდა მომსახურების ცენტრისა, იქონიოს მომხმარებელთა მომსახურების მოძრავი პუნქტი, რომლის მარშრუტი მიმწოდებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, სულ მცირე, ერთი თვით ადრე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.

