1.მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიწოდებას, ხოლო მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მომსახურების საფასური და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებითა და მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. 1 1 . მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას, ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის შეთავაზებული მიწოდების ხელშეკრულების პირობების შესაბამისობას ამ წესებთან. მიწოდების ხელშეკრულების პირობები უნდა იყოს სამართლიანი და ნათლად და არაორაზროვნად ადგენდეს მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს.
3.ბათილია მიწოდების ხელშეკრულების ის დებულება, რომელიც არ შეესაბამება კანონისა და ამ წესების მოთხოვნებს. მიწოდების ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს მიწოდების ხელშეკრულების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
4.მიწოდების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, არანაკლებ 3 თვის ვადით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.მომხმარებელი უფლებამოსილია, რამდენიმე აღრიცხვის კვანძზე მიმწოდებელთან დადოს ერთი მიწოდების ხელშეკრულება.
6.მიწოდების ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს: ა) მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის, მიმწოდებლის რეკვიზიტებს, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტა და 24-საათიანი ქოლცენტრის ნომერი); ბ) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის, აბონენტის ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი და მიწოდების მისამართი), მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – ალტერნატიული საკონტაქტო პირის მონაცემებს; გ) მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს – თუ ის არ არის ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებელი; დ) მიწოდების დაწყების თარიღს; ე) მიწოდების ფასს ან კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე 1 ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს, ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის პერიოდულობას, წესსა და საშუალებებს; ზ) შეტყობინების გაგზავნისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის საშუალებებს; თ) პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებულ პირობებს – მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ამ წესებით დადგენილი პირობების დაცვით; ი) ხელშეკრულების მოქმედების ვადას; კ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების წესს; ლ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წარმოეშობა დეპოზიტის მოთხოვნის უფლება; მ) მითითებას მომხმარებლის იმ ვალდებულებებზე, რომელთა შეუსრულებლობას, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს მიწოდების შეწყვეტა; ნ) მითითებას პასუხისმგებლობის გამომრიცხავ (ფორსმაჟორულ) გარემოებებზე; ო) მითითებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებასა და ამ უფლების განხორციელების პირობებზე; პ) მომხმარებლის მიერ წინსწრებით გადახდილი თანხის დაბრუნების წესს; ჟ) მითითებას მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის პრეტენზიის განხილვის წესზე; რ) მითითებას სადავო საკითხების განხილვის წესზე.
7.თავისუფალ მიმწოდებელსა და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება, შესაძლოა, ითვალისწინებდეს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის ან მისი რომელიმე კომპონენტის, მათ შორის, მიწოდების ფასის წინსწრებით გადახდის ვალდებულებას.
7¹.თავისუფალ მიმწოდებელსა და მსხვილ მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება, შესაძლებელია, ითვალისწინებდეს მიწოდების ცვალებად ფასს.
8.მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაიწყებს მიმწოდებლის შეცვლის პროცედურას ამ წესების V თავის შესაბამისად ან ხელშეკრულების რომელიმე მხარე უარს არ იტყვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მიწოდების ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იმავე ვადით. თუ ხელშეკრულება დადებულია სამი თვის ვადით, მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შესახებ აცნობოს გონივრული ვადით ადრე.
9.იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულება იდება შუამავლის მეშვეობით ან მომხმარებელმა მიწოდების ხელშეკრულების დადების შეთავაზება მიიღო თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურების ცენტრის გარეთ, მათ შორის, მომხმარებლის საცხოვრებელ, სამუშაო ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილას, მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია: ა) ამ წესების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-7-მე-9 მუხლებითა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების თაობაზე; ბ) მიწოდების ფასის ან/და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ 1 ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს, ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) მომხმარებლის უფლების თაობაზე, შეწყვიტოს ამ პუნქტის შესაბამისად დადებული მიწოდების ხელშეკრულება ორი კვირის ვადაში, ყოველგვარი შეზღუდვის, მათ შორის, რაიმე სახის პირგასამტეხლოს ან დამატებითი გადასახდელის გარეშე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.06.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

