1.მიმწოდებელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მიწოდებას ამ წესების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია, მომხმარებელს, კომისიას, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და სისტემის ოპერატორებს აცნობოს მიწოდების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე მაინც, ან, თუ მას არ შეეძლო, წინასწარ სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ, არაუგვიანეს მომდევნო დღისა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა შეიცავდეს მკაფიო მითითებას ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომასა და შესაბამის საფუძველზე.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, კომისია ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურების დაწყების თარიღის შესახებ.
4.სისტემის ოპერატორმა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ მომხმარებელთა შესახებ, რომლებიც უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურებით, მათ შორის, ინფორმაცია მათი მიწოდების მისამართების, აბონენტის ნომრებისა და საკონტაქტო მონაცემების თაობაზე.
5.ბოლო ალტერნატივის მიწოდება იწყება მიმწოდებლის მიერ ამ წესების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის მომენტიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.

