გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 13. კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები
1.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კრედიტორთა კრებას ამზადებს და მის ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სასამართლო.
2.კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება და კრედიტორთა კრების ოქმი არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა განთავსდება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაში.
3.ნებისმიერი უზრუნველყოფილი კრედიტორი ან არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგენს მოვალის მიმართ თავის მოთხოვნებს, უფლებამოსილია დაესწროს კრედიტორთა კრებას. კრედიტორთა კრებაზე დასწრების უფლება აქვს მოვალესაც. კრედიტორთა კრებაზე დამსწრე კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვან შენიშვნები და მოსაზრებები და დასვან კითხვები.
4.კრედიტორთა კრების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოწვევის უფლება აქვს კრედიტორს, რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის არანაკლებ 10 პროცენტს, აგრეთვე მოვალეს, მმართველს, რეაბილიტაციის ზედამხედველს. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ ამ კრების მოწვევის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორთა კრება უნდა ჩატარდეს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ, კრედიტორთა კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია აღნიშნული კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა მოითხოვოს მის დღის წესრიგში საკითხის დამატება. ამ ვადის გასვლის შემდეგ ან უშუალოდ კრედიტორთა კრების მიმდინარეობისას მის დღის წესრიგში საკითხის დამატება დასაშვებია მხოლოდ მოვალის, მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და კრედიტორთა არანაკლებ 75 პროცენტის თანხმობით.
