გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 58. სასამართლოს მიერ მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმება
1.სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის, მოვალის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
2.სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება, თუ იძულებითი აღსრულების ღონისძიება ხორციელდება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ან ისეთი ნივთის მიმართ, რომლის რეალიზაციაც, მიუხედავად მისი მახასიათებლების შენარჩუნებისა, მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა გადახდისუუნარობის მასაში მიიმართება და ინდივიდუალური კრედიტორის დასაკმაყოფილებლად არ გამოიყენება.
3.სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება, თუ საქმეს უცხო ქვეყნის სასამართლო განიხილავს ან საქმე არბიტრაჟის პროცედურული ნორმების შესაბამისად განიხილება და მორატორიუმის ღონისძიების შენარჩუნებით ზიანი ადგება განმცხადებლის კანონიერ ინტერესებს, მათ შორის, მორატორიუმის ღონისძიება განმცხადებლის საპროცესო უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს, ან უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო არსებობს ამ უფლების განუხორციელებლობის საფრთხე.
4.სასამართლო გააუქმებს ამ კანონის 55-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მორატორიუმის ღონისძიებას კრედიტორის, მოვალის ან მმართველის/ზედამხედველის განცხადების საფუძველზე, თუ რეაბილიტაციის ხელშეწყობისთვის აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვა, ხოლო მორატორიუმის ღონისძიების მოქმედება ამ მიზნის მიღწევას ხელს უშლის ან არსებითად ართულებს. ამ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ახალი ვალდებულებების აღება კრედიტორთა მდგომარეობას არ აუარესებს.
