1.საქსტატის უფლებამოსილებებია: ა) ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა; ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება; გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების კოორდინაცია; დ) სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარება; ე) მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა საუკეთესო პროფესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის, მეცნიერული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის უზრუნველყოფით; ვ) ამ კანონის VIII თავით განსაზღვრული აღწერის ჩატარება; ზ) ოფიციალური სტატისტიკის ტერმინების, მეთოდოლოგიის, კლასიფიკაციებისა და ნომენკლატურების განსაზღვრა, შესაძლებლობის ფარგლებში − საერთაშორისო კონცეფციებისა და კლასიფიკაციების შესაბამისად; თ) სხვადასხვა სახის სტატისტიკური რეგისტრის შექმნა, წარმოება და განახლება; ი) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის შემუშავება; კ) ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნებისთვის ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებსა და მომხმარებლებს შორის სტატისტიკის საჭიროების შესახებ დიალოგის ხელშეწყობა; ლ) სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, ხარისხის მართვის კონცეფციების დანერგვა და დაცვა; მ) სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობა; ნ) საზოგადოებაში სტატისტიკის როლისა და მნიშვნელობის აღქმის ხელშეწყობა; ო) ყველა მომხმარებლისთვის ოფიციალური სტატისტიკის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პ) საერთაშორისო დონეზე ოფიციალური სტატისტიკის მიმდინარე ან სამომავლო საკითხების განხილვისას სტატისტიკის ეროვნული სისტემის წარდგენა; ჟ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; რ) საქსტატისა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების თანამშრომელთა პროფესიული სწავლების ხელშეწყობა; ს) საქსტატის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსთვის წარდგენა; უ) ამ კანონითა და საქსტატის დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.
2.საქსტატი უფლებამოსილია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოოს სტატისტიკა, რომელიც სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით გათვალისწინებული არ არის.
3.საქსტატს ეკრძალება ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოს მიერ დასახულ მიზნებსა და პრიორიტეტებს.
4.საქსტატის კონკრეტული უფლებამოსილებები განისაზღვრება საქსტატის დებულებით, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
