1.გაკოტრების მმართველს შეუძლია სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ვალაუვალი მოვალის იურიდიული ქმედება, თუ: ა) იგი ჩადენილი იყო კრედიტორისათვის ზარალის მიყენების მიზნით და ეს მიზანი ცნობილი იყო მესამე პირისათვის; ბ) ამ ქმედებით ვალაუვალმა მოვალემ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ერთი წლით ადრე კრედიტორთა საზიანოდ თავის ახლო გარემოცვაში მყოფი პირისთვის განახორციელა სასყიდლიანი შესრულება და თუ ეს უკანასკნელი ვერ დაამტკიცებს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა კრედიტორებისათვის ზიანის მიყენების განზრახვა; გ) ეს ქმედება განხორციელდა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ერთი წლით ადრე და ითვალისწინებდა ქონებრივი ფასეულობების უსასყიდლო გადაცემას. მოვალის ახლო გარემოცვაში მყოფი პირებისათვის ეს ვადა შეადგენს სამ წელს; დ) ეს ქმედება მოვალემ განახორციელა ფულის გადახდის ვალდებულების შეწყვეტის ან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე განცხადების შეტანის შემდეგ, იმ პირების მიმართ, რომლებისთვისაც ქმედების განხორციელებისას, მოვალის გადახდისუუნარობა და განცხადების შეტანის ფაქტი ცნობილი იყო ან გარემოებებიდან გამომდინარე, ცნობილი უნდა ყოფილიყო.
2.სარჩელის შეტანა შეიძლება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნიდან მხოლოდ სამი წლის განმავლობაში.
3.თუ იურიდიული ქმედების ნამდვილობისათვის საჭიროა მისი რეესტრში შეტანა, კერძოდ, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში), აღნიშნული ქმედება განხორციელებულად ითვლება იმ დროისათვის, როდესაც მისი ნამდვილობისათვის სხვა დანარჩენი წინაპირობები შესრულებულია, ვალაუვალი მოვალის ნების გამოხატვა სავალდებულო გახდა რეესტრში შესატანად და მეორე მხარე ითხოვს შეტანას.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესები არ ვრცელდება იმ ქონებასთან დაკავშირებულ იურიდიულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41 საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1286 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.20

