1.გაკოტრების საქმის წარმოებისას თავის მოთხოვნებთან დაკავშირებულ უფლებებს გაკოტრების კრედიტორები ახორციელებენ კრედიტორთა კრებაზე, რომელსაც მოიწვევს გაკოტრების სასამართლო.
2.გაკოტრების სასამართლო კრედიტორთა კრებას მოიწვევს აგრეთვე გაკოტრების მმართველის, კრედიტორთა კომიტეტის ან გაკოტრების იმ კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც გაცხადებული მოთხოვნების შესაბამისად ეკუთვნის მოთხოვნების საერთო თანხის 1/5 მაინც. სასამართლო ვალდებულია მოიწვიოს კრედიტორთა კრება მიმართვიდან არა უგვიანეს 3 დღისა. კრედიტორთა კრება უნდა ჩატარდეს მიმართვიდან არა უგვიანეს 14 დღისა.
3.ინფორმაცია კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს კრების ჩატარებამდე არა უგვიანეს 7 დღისა ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.
4.კრედიტორთა კრებას უძღვება გაკოტრების მოსამართლე. კრებაზე ყოველ კრედიტორს აქვს თავისი მოთხოვნის პროპორციული რაოდენობის ხმა.
5.კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ გაკოტრების კრედიტორებს. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას იძლევა შემოწმებული და დადგენილი მოთხოვნები. ხმათა შემოწმებისას კრედიტორები განიხილავენ, მიეცეს თუ არა სადავო მოთხოვნის მქონე კრედიტორს ხმის უფლება და რა ოდენობით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების სასამართლო. სასამართლომ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება ერთ-ერთი მხარის დამატებითი განცხადების საფუძველზე. დაუდგენელი მოთხოვნის მქონე კრედიტორის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებისა და ხმის ოდენობის საკითხს ერთ-ერთი კრედიტორის ან გაკოტრების მმართველის შესაგებლის საფუძველზე განჩინებით წყვეტს სასამართლო. ეს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
6.კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კრედიტორთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კრედიტორთა რაოდენობა.
7.კრედიტორთა კრება უფლებამოსილია განიხილოს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელების ან ამ საწარმოს დახურვის საკითხი, აგრეთვე იმსჯელოს საგაკოტრებო მორიგების შესახებ.
8.გაკოტრების მმართველის ან უმცირესობაში მყოფი ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გაკოტრების სასამართლოს შეუძლია უარი თქვას კრედიტორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებაზე, თუ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გაკოტრების საქმის წარმოების მიზანს ან გაკოტრების კრედიტორთა საერთო ინტერესებს. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

