1.საარჩევნო პერიოდში (გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა)/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, აგრეთვე ცესკოს აპარატისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა შუალედური არჩევნების პერიოდში ეძლევათ მხოლოდ ცესკოს წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ცესკოს აპარატის თანამშრომლებს და იმ საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები.
3.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
4.ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ცესკო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5.საარჩევნო პერიოდში ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებზე, აგრეთვე ცესკოს აპარატისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებზე შეიძლება გაიცეს ფულადი ჯილდო ან/და სახელფასო დანამატი, რომელზედაც არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, წლის განმავლობაში გასაცემი ფულადი ჯილდოს ან/და სახელფასო დანამატის ზღვრული ოდენობა.
6.ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება არ შეიძლება გახდეს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემის შეფერხების საფუძველი, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური შეღავათის გავრცელების შეფერხების საფუძველი, მისთვის აღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის, სახელმწიფო გასაცემლის ან/და სოციალური შეღავათის შემცირების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი ან/და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება არ ჩაითვლება იმ შემოსავალში, რომელმაც შესაძლებელია მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე ზემოხსენებული სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.
7.საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებული ცესკოსა და უსკოს აპარატების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურება, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრთა ანაზღაურება არ ექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანების გადახდას.
8.საარჩევნო პერიოდში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირებს (გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა) უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ცესკოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, სპეციალური ჯგუფის წევრის ანაზღაურებადი სამუშაო შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე.

