მუხლი 17. ცესკოს უფლებამოსილება
1. ცესკო: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას; ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მორიგი, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების გამართვას; გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე; დ) უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა; ე) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად, განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს; ვ) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს ან/და აზუსტებს მათ საზღვრებს; ზ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; თ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, ამ კომისიას უფლებამოსილება შეუწყვიტოს და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება; ი) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისთვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ბიულეტენების ხელახლა დათვლის პროცესზე; კ) აწარმოებს საარჩევნო კომისიის შემდეგ წევრთა შესახებ მონაცემების ბაზას: რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის; ლ) აწარმოებს სერტიფიკატის (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის) მფლობელ პირთა მონაცემების ბაზას, რომელიც მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; მ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისთვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისა და იმ პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, – ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისთვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს; ნ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართული არჩევნების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ო) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; პ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებასა და დაუყოვნებლივ განთავსებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებასაც; ჟ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და გავრცელებას; რ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს; ს) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს; ტ) ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში განკარგულებით ადგენს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებით წესსა და ვადებს; უ) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალს; ფ) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიის წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების, პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე სხვა საარჩევნო პროცედურებთან (გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა) დაკავშირებული საკითხები; ქ) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს; ღ) განკარგულებით განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიაში პარტიების მიერ დასასახელებელ წევრთა კვოტებს; ყ) განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს; შ) განკარგულებით განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიის წევრებს, რომლებსაც შესაბამისი პარტიები ამ კანონით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ; ჩ) განკარგულებით ადგენს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას; ც) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ფორმებს; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს; ძ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას; წ) განკარგულებით ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და მათი საწვავით უზრუნველყოფის წესს; ჭ) განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას; ხ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს; ჯ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს; ჰ) განკარგულებით, ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას; ჰ 1 ) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, ხელახალ არჩევნებს, შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს; ჰ 2 ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს და მისი წარმდგენი საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს; ჰ 3 ) განკარგულებით ირჩევს ცესკოს წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ჰ 4 ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს; ჰ 5 ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს; ჰ 6 ) დადგენილებით განსაზღვრავს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს; ჰ 7 ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესსა და კენჭისყრის პროცედურებს; ჰ 8 ) დადგენილებით განსაზღვრავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებს; ჰ 9 ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისა და საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესს; ჰ 10 ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციისა და მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების წესს; ჰ 11 ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებისა და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესს; ჰ 12 ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებასა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსების დებულებებს; ჰ 13 ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების დებულებასა და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულებას; ჰ 14 ) დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას; ჰ 15 ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს; ჰ 16 ) დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს; ჰ 17 ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს; ჰ 18 ) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს; ჰ 19 ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში; ჰ 20 ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
