1.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) მაძიებელი – მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები; ბ) ოჯახი – ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება: ბ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; ბ.ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი; ბ.გ) ვადიან სამხედრო სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში); ბ.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი; ბ.ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი; ბ.ვ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი; ბ.ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული; გ ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა. შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას; დ ) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ; ე ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა - შეფასებას; ვ ) განაცხადი – სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებს მაძიებელი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად; ზ ) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი – სპეციალური უნიკალური ნომერი, რომელიც იძლევა ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას და ქმნის მის შესახებ არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას; თ ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორისათვის; ი ) მეთოდოლოგია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად; კ ) სარეიტინგო ქულა – პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია; ლ ) ამონაწერი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მონაცემთა ბაზაში ოჯახის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამონაწერის ფორმასა და მისი გაცემის საკითხებს არეგულირებს სააგენტო; მ) დემოგრაფიული ცვლილება - ოჯახის წევრთა შემადგენლობის ცვლილება; ნ) (ამოღებულია - 23.10.2023, №419).
2.ამ წესის მიზნებისათვის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ის პერიოდი, როდესაც ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრის ან/და მისი თანმხლები ოჯახის წევრის საზღვარგარეთ ყოფნა უკავშირდება აღნიშნული 18 წლამდე ასაკის პირის ონკოლოგიური დიაგნოზის გამო უცხოეთში მკურნალობას და მკურნალობის ხარჯი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პერიოდის განსაზღვრა ხორციელდება ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე (მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თარიღები) შეთანხმებული ფორმატით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 24.10.2023წ.

