1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სამსახური „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიულ პირზე.
3. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ შემდეგ საქმიანობაზე: ა) სიცოცხლის დაზღვევა; ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის); გ) გადაზღვევა. 3 1 . სიცოცხლის ხანგრძლივობით ანუიტეტის გაცემის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მზღვეველს, რომელსაც აქვს სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია.
4. თუ მზღვეველს სურს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება და უკვე აღებული აქვს ლიცენზია დაზღვევის სხვა სახეობაში, მას უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობა იმ კონკრეტულ სახეობაში, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დამატებითი ლიცენზიის მიღება საჭირო არ არის. მზღვეველი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამსახურს გადაზღვევის საქმიანობის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningდაზღვევის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…სააღსრულებო წარმოებათა…ენერგეტიკისა და წყალმო…სამეწარმეო საქმიანობის…სააღმზრდელო საქმიანობი…
For information only — not legal advice.
5. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების გარდა, შეასრულოს დამატებითი სალიცენზიო პირობები და სამსახურს წარუდგინოს: ა) წერილობითი განცხადება სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მოთხოვნის შესახებ; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტები (მათ შორის, წესდება); გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან ამონაწერი აქციონერთა აქციების განაწილების შესახებ; ე) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების შესახებ; ვ) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე განთავსების შესახებ; ზ) მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ბენეფიციარი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია ლიცენზიის მაძიებელმა აღნიშნული ფაქტი წერილობით დაადასტუროს; თ) ყველა ადმინისტრატორის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია; ი) შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია (მათ შორის, ავტობიოგრაფია) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერებისა და ყველა ადმინისტრატორის ამ კანონის 22 1 მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; კ) ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის შესახებ; ლ) სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის ბიზნესგეგმა (გადაზღვევის პროგრამის ჩათვლით) სამსახურის მიერ დამტკიცებული ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემებისა და ფორმის შესაბამისად; მ) ინფორმაცია მზღვეველის სათავო ოფისის ადგილსამყოფლის შესახებ, ხოლო ფილიალის/ფილიალების არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე მათი ადგილსამყოფლის შესახებ; ნ) იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სხვაგვარად კანონიერად ფლობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც განთავსდება მზღვეველის სათავო ოფისი/ფილიალი; ო) ინფორმაცია მზღვეველის ორგანიზაციული სტრუქტურის, სტრუქტურული ერთეულებისა და მათი ფუნქციების, აგრეთვე აუდიტის კომიტეტის შესახებ; პ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5 1 . მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყოველი 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოიყენოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.
6. სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის მაძიებელი, რომელსაც სურს განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა, ვალდებულია სამსახურს დამატებით წარუდგინოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები და ინფორმაცია.
7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოადგინოს დედნების ან მათი სათანადო წესით დამოწმებული ასლების სახით.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზირებად საქმიანობას ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ლიცენზიის (სახელმწიფო რეგულირების) საფუძველზე განახორციელებს ისე, რომ იგი არ არის ვალდებული, მოიპოვოს შესაბამისი ლიცენზია. დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას ისეთივე სამართლებრივი სტატუსი აქვს, როგორიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას, და არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ამ ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება.
9. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე სამსახურს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოდან წარუდგენს დოკუმენტაციას იმის თაობაზე, რომ დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას რეგისტრაციის ქვეყანაში აქვს შესაბამისი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში გახსნის უფლება.
10. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
11. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა კონკრეტულ მზღვეველზე და მისი სხვა იურიდიული პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.
12. ლიცენზირებას არ საჭიროებს დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის საქმიანობა, აგრეთვე სადაზღვევო რისკის, ზარალის მოცულობისა და შემთხვევის უტყუარობის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობა, დაზღვევის სფეროში საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება.
13. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ იურიდიულ პირს და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას).
15. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში სამსახურს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შეტანიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილება სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე იქნა შეტანილი, ლიცენზიის მაძიებელი ასევე ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შესახებ სალიცენზიო განაცხადის განხილვის პროცესში.
16. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის ფორმას ადგენს სამსახური. საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2832-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.106 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5003 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1469 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3389 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4002 - ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5384 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. მუხლი 22 1 . მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრისა) და ხელმძღვანელი პირების შესაფერისობის კრიტერიუმები 1. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრი) და ხელმძღვანელი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
2. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ: ა) ის არის ფიზიკური პირი და: ა.ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ა.ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ა.გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; ა.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს; ა.ე) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ბ) ის არის იურიდიული პირი და: ბ.ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ბ.ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბ.გ) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ბ.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს.
3. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იგი აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გამოყვანილი უნდა იქნეს საბჭოდან, თუ: ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; დ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ე) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს; ვ) არის მზღვეველის ხელმძღვანელ პირთან ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის ხელმძღვანელ პირთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი; ზ) არის საქართველოში რეგისტრირებული 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელი პირი; თ) არის იმავე მზღვეველის ხელმძღვანელი პირი; ი) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია; კ) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ლ) არა აქვს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება. 3 1 . ამ კანონით გათვალისწინებული მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შესაბამისობის შეფასებისას და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დამოუკიდებელ წევრად მიჩნევისას სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესაფერისობის კრიტერიუმებთან ერთად ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) პირი არის მზღვეველის ადმინისტრატორთან ან იმ პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, მზღვეველის ადმინისტრატორთან ან იმ პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, აქვს სხვა სახის მატერიალური, საქმიანი ურთიერთობა ან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას; ბ) პირს აქვს რაიმე სახის მატერიალური (მათ შორის, ფინანსური) ვალდებულება მზღვეველის, მისი ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის წინაშე ან სხვა სახის მატერიალური (მათ შორის, ფინანსური) ინტერესი (მათ შორის, საკუთრება, ინვესტიცია); გ) პირს ბოლო 2 წლის განმავლობაში მზღვეველთან, მის ადმინისტრატორთან, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან შრომითი ურთიერთობა ჰქონდა; დ) პირს აქვს სხვა ისეთი პოზიცია ან სხვა ისეთი სახის კავშირი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის დამოუკიდებლობაზე.
4. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის ხელმძღვანელი პირი, თუ: ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის; გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის; დ) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის ან გადამზღვეველის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში ან გადამზღვეველში ან/და იმ მზღვეველში ან გადამზღვეველში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი ან გადამზღვეველი; ე) არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ვ) არ აქვს საფინანსო ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, ამავე დროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ზ) იყო იმ სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი, რომელიც მისი საქმიანობის პერიოდში გაკოტრებულად გამოცხადდა; თ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს; ი) არის მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5384 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.