1.საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელია სასამართლოში პროცესის მონაწილის დაკითხვა მისი ვინაობის გასაიდუმლოებით ან იდენტიფიცირების შეცვლით.
2.სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილე იკითხება უშუალოდ და ზეპირად.
3.მოსამართლე (სასამართლო), პროკურორის შუამდგომლობით უფლებამოსილია გამოიყენოს პროცესის მონაწილეთა დაცვის ერთი ან რამდენიმე შემდეგი სპეციალური ღონისძიება: ა) საჯარო რეესტრიდან ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერიდან დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობის მქონე მონაცემთა, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება; ბ) დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტის გასაიდუმლოება; გ) ფსევდონიმის მინიჭება; დ) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება.
4.პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პროცესის მონაწილეთა დაცვის შემდეგი სახის სპეციალური ღონისძიების გამოყენებაზე: ა) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება; ბ) საცხოვრებელი ადგილის დროებითი ან მუდმივი შეცვლა; გ) გარეგნობის შეცვლა.
5.სასამართლოში არსებითი განხილვისას მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში ჩამოთვლილი ნებისმიერი დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
6.პროკურორი უფლებამოსილია პროცესის მონაწილესთან დაკავშირებული პირების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის ნებისმიერი სპეციალური ღონისძიება.
7.ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება. აღნიშნული შუამდგომლობა წარედგინება მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით.
8.სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების განხორციელების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
9.თუ მოწმის ან დაზარალებულის მიმართ წინასწარი გამოძიების დროს გამოყენებული იყო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიება, სასამართლოში მისი დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულს ან მის დამცველს, მოთხოვნის შემთხვევაში, მოსამართლე (სასამართლო) აძლევს გონივრულ ვადას დაცვის მომზადებისათვის, მაგრამ არა უმეტეს 7 დღისა. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368



