საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 89. საბანკო ანგარიშიდან გადასახადის , საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა
1. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი არ შეასრულებს საგადასახადო ვალდებულებას მისი შესრულებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში მისი საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
2. გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ იღებს საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ბრძანებით, რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს .
3. საინკასო დავალება გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ წარედგინება იმ საბანკო დაწესებულებას, რომელშიც მოვალეს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში. საბანკო დაწესებულება ვალდებულია უპირობოდ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება. 3 1 . იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (საინკასო დავალებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
