1.სოციალურ მუშაკს ეკისრება იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სოციალური მუშაობის ჩატარებისას.
2.კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სოციალური მუშაკის საქმიანობაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი ათავისუფლებს სოციალურ მუშაკს ამ ვალდებულების შესრულებისგან და ინფორმაციის გაცემა არ დააზიანებს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. თუ ბენეფიციარი არასრულწლოვანია, იგი სოციალურ მუშაკს აღნიშნული ვალდებულების შესრულებისგან ათავისუფლებს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით; ბ) სოციალურ მუშაკს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება ინფორმაციის გაცემას აკისრებს; გ) სოციალური მუშაკისთვის ცნობილი ინფორმაციის გაუცემლობა ზიანს მიაყენებს უფრო ღირებულ სამართლებრივ სიკეთეს.
3.კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სოციალურ მუშაკზე ვრცელდება სოციალური მუშაობის დასრულების შემდეგაც.





