1.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის − ჩატარების დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკონტროლებს: ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით − მონაცემთა დამუშავების კანონიერებას; ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით − მონაცემთა დამუშავების კანონიერებას; გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას (ინსპექტირებას).
2.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს სასამართლოს, პროკურატურისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით), ამ კანონით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილე პირის (გარდა მონაცემთა სუბიექტისა, გამომძიებლისა და პროკურორისა) ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და მისი შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელების პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს გამოყენებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური აღჭურვილობის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელება არ მოიცავს ფარული საგამოძიებო მოქმედების მომზადების/ჩატარების პროცესში უშუალო მონაწილეობას და შენიღბული საცხოვრებელი ან სამსახურებრივი ან სხვა შენიღბული ობიექტისა და შენობა-ნაგებობის ადგილზე შემოწმებას.
5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკონტროლებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).
6.ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკონტროლებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).
7.სააგენტოს შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია: ა) შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქმიანობის განხორციელებას; ბ) გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელ (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ) სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს; გ) მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა; დ) სააგენტოს მოსამსახურეებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; ე) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
8.სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან − სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სრულად მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე მისცეს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი VIII სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.




