1.ევროპული საპატენტო განაცხადი და ამ განაცხადზე გაცემული ევროპული პატენტი შეიძლება განმცხადებლის მოთხოვნით საქართველოში იქნეს ვალიდირებული. ვალიდაციის მოთხოვნა მიჩნეული უნდა იქნეს წარდგენილად განმცხადებლის მიერ ნებისმიერი ევროპული საპატენტო განაცხადისთვის, რომელიც შეტანილია იმ თარიღით ან იმ თარიღის შემდეგ, როდესაც ძალაში შევა ვალიდაციის შეთანხმება.
2.საქპატენტმა უნდა გამოაქვეყნოს ვალიდაციის ყველა მოთხოვნა იმ დღიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, როდესაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) შეატყობინებს მას, რომ გადახდილია ვალიდაციის შესაბამისი საფასური, მაგრამ არა ევროპული საპატენტო განაცხადის შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, ხოლო თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი − ყველაზე ადრინდელი პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე.
3.ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ ვალიდაციის შესაბამისი საფასური დროულად არ იქნა გადახდილი ან თუ ევროპულ საპატენტო განაცხადზე მიღებულ იქნა საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება ან ევროპული საპატენტო განაცხადი გამოხმობილ იქნა ან გამოხმობილად იქნა მიჩნეული. საქპატენტმა ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობის თაობაზე ინფორმაცია უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს, თუ მან უკვე გამოაქვეყნა ვალიდაციის მოთხოვნა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4.ვალიდაციის საფასური გადახდილი უნდა იქნეს ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) იმ თარიღიდან 6 თვის განმავლობაში, როდესაც ევროპულ საპატენტო ბიულეტენში გამოქვეყნდება ინფორმაცია ევროპული ძიების ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე, ან შესაბამის შემთხვევაში იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო განაცხადის ევროპულ ფაზაში შესასვლელად მოთხოვნილი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლისთვისაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო. ვალიდაციის საფასურის გადახდაზე ვრცელდება ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) საფასურებთან დაკავშირებული წესები. ამ კანონით დადგენილი წესით გადახდილი ვალიდაციის საფასური არ ბრუნდება.
5.ვალიდაციის საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი, 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში ვალიდაციის საფასურზე გადაიხდება 50-პროცენტიანი დანამატი.
