Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 41 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 41 (დანართი 1). მოგების გადასახადის დეკლარაციის (დანართი №II-09) შევსება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2345678910111314151617181920

1.მოგების გადასახადის დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია და მათი წარდგენა ხორციელდება ნებაყოფლობით, გარდა დანართი „მ“-ის, რომლის წარდგენაც სავალდებულოა.

1¹.(ამოღებულია – 09.06.2015, №164) .

2.დეკლარაციის სტრიქონებში მონაცემები შეიტანება მათი დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, იმ შემთხვევაში,თუ აუცილებელი გახდება დეკლარაციის სტრიქონებში მითითებული ლოგიკური ფორმულისაგან ან შინაარსისაგანგანსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში(მათ შორის დეკლარაციის დანართებში) გააკეთოს სათანადო შენიშვნა. დეკლარაციის III ნაწილისა და დანართებისშეუვსებელ სტრიქონებში იწერება 0.

3.დეკლარაციის III ნაწილში მონაცემები ისე უნდა იქნეს შეტანილი, რომ შემოსავლის ან ხარჯის არცერთი ელემენტი შედეგობრივად არ იქნეს გამოტოვებული, ან ორჯერ ჩართული.

4.დეკლარაციის ნაწილი III-ის, დეკლარაციის დანართ „ა“-ს, დეკლარაციის დანართ „ბ“-ს, დეკლარაციის დანართ „დ“-ს და დეკლარაციის დანართ „ი“-ს შესავსებად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნები განისაზღვრება „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის   №615 დადგენილებით.

5.დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

6.დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის („NACE“) კოდი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის N1-1/282 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს სხვადასხვა სახის საქმიანობას, მე-7 სტრიქონში მიეთითება იმ საქმიანობის სახეები „NACE“-ს კოდების მიხედვით, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი შეადგენს ერთობლივი შემოსავლის 10%-სა და მეტს. ამ შემთხვევაში საქმიანობის სახეების მიხედვით ჩაშლილი შემოსავლის პროცენტული მაჩვენებელი ჯამში შესაძლებელია 100%-ის ტოლი არ იყოს. მისამართის სვეტში მიეთითება საწარმოს ფაქტობრივი მისამართი.

7.დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ. თანდართულ დოკუმენტებში გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებითი დანართები, მათ შორის ახსნა-განმარტების სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8.დეკლარაციის III ნაწილის: ა) მე-15 სტრიქონში – მიეთითება ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საგადასახადო  პერიოდში  ნებისმიერი  ფორმით  ან/და  საქმიანობით  (მათ  შორის, ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული მოგება). უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით. თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი საწარმო გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით,  დეკლარაციის  მე-15  სტრიქონში  შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, 2023 წლის საანგარიშო პერიოდის, დეკლარაციის მე-15 სტრიქონში ასახული თანხა: ა.ა) იზრდება იმ საპროცენტო შემოსავლით, რომელიც არ არის აღიარებული 2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით არც მომდევნო საანგარიშო პერიოდებში ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას; ა.ბ) იზრდება ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესის გაუქმების შედეგად, წარმოშობილი რეზერვის ნაშთების სხვაობის სახით მიღებული დასაბეგრი მოგებით/შემოსავლით; ა.გ) მცირდება იმ საპროცენტო შემოსავლით, რომელიც აღიარებული იქნა 2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით მომდევნო საანგარიშო პერიოდებშიც ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას; ბ) მე-17 -მე-18 სტრიქონებში – მე-17 სტრიქონში შეიტანება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება საანგარიშო წლის დასაწყისისათვის, მათ შორის, საანგარიშო წელში კაპიტალიზებული (გადმოიტანება წინა წლის ბოლოს არსებული ფასეულობების ღირებულება უცვლელად), ხოლო მე-18 სტრიქონში – საანგარიშო წლის ბოლოსათვის ფაქტობრივად არსებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ღირებულება (მათ შორის, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული); გ) მე-19 სტრიქონში – მე-15 სტრიქონში განსაზღვრული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გამოქვითვას დაქვემდებარებული ან აღსადგენი ხარჯი (მე-20-29-ე სტრიქონების ჯამი), მათ შორის: გ.ა) მე-20 სტრიქონში – საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო – მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა; გ.ბ) 21-ე სტრიქონში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ღირებულება; გ.გ) 22-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის (სარგებელის) სახით ფაქტობრივად გაწეული ხარჯი, ანუ ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (საანგარიშო პერიოდში გაცემული ის ხელფასი, რომლის დარიცხვაც მოხდენილია 2011 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში); გ.დ) 23-ე სტრიქონში – კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი), მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვებისა; გ.ე) 24-ე სტრიქონში – რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით; გ.ვ) 25-ე სტრიქონში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად; გ.ზ) 26-ე სტრიქონში – 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა საანგარიშო პერიოდში და სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აგრეთვე, 1000 ლარამდე ღირებულების არამატერიალური აქტივების ღირებულება, რომელზეც შესაბამისი ხარჯი გაწეულ იქნა საანგარიშო პერიოდში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი); გ.თ) 27-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100 პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება საწარმოს კაპიტალში შეტანილ ძირითად საშუალებებზე, აგრეთვე არაამორტიზებად აქტივებზე; გ.ი) 28-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის (სრულად გამოქვითვის) ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5 პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება; გ.კ) 29- ე სტრიქონში შესატანი თანხა განისაზღვრება შემდეგი წესით: გ.კ.ა) განისაზღვრება ყველა სხვა ხარჯი (გარდა, მე-20-28-ე სტრიქონებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა), მიუხედავად იმისა, გადასახადის გადამხდელს აქვს თუ არა მათი გამოქვითვის უფლება (დეკლარაციის დანართი „თ“, სტრ.1-15); გ.კ.ბ) განისაზღვრება წინა საანგარიშო პერიოდების ხარჯი, რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში (დეკლარაციის დანართი „თ“, სტრ.16); გ.კ.გ) განისაზღვრება თანხა, რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს, თუმცა იგი ასახულია „გ.კ.ა“ ქვეპუნქტში და დეკლარაციის მე-20-28-ე სტრიქონებში (დეკლარაციის დანართი „თ“, სტრ.18), მათ შორის: - მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი; - საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები; - შეძენებზე გაწეული დანახარჯები, რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს გამოქვითვის უფლება (მაგ: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი); - დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღისათვის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე; - ხარჯი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით ; - სხვა დანახარჯები, რომელიც არ განეკუთვნება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს; გ.კ.დ) „გ.კ.ა“ და „გ.კ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხების ჯამი მცირდება „გ.კ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხით, სხვაობა შეიტანება დეკლარაციის 29-ე სტრიქონში . შენიშვნა: შესაძლებელია 29-ე სტრიქონის მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, მე-19 სტრიქონის მნიშვნელობაც, იყოს უარყოფითი სიდიდე; დ) 30-ე სტრიქონში – მე-17 და მე-19 სტრიქონებში ასახულ მონაცემთა ჯამი; ე) 31-ე სტრიქონში – მე-15 და მე-18 სტრიქონებში ასახულ მონაცემთა ჯამი; ვ) 32-ე სტრიქონში – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გადამეტება გამოქვითვებზე (31-ე და 30-ე სტრიქონების მონაცემთა დადებითი სხვაობა); ზ) 33-ე სტრიქონში – საანგარიშო წლის გამოქვითვების გადამეტება შემოსავალზე (31-ე და 30-ე სტრიქონების მონაცემთა უარყოფით სხვაობა (ზარალი)); თ) 34-ე სტრიქონში – საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი). აგრეთვე, გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 32-ე სტრიქონში (შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე) ასახული თანხის 10 პროცენტს; ი) 35-ე სტრიქონში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არაუმეტეს წინა 5 (შესაბამის შემთხვევაში – 10) საგადასახადო წლის ზარალისა. ამ სტრიქონში აისახება აგრეთვე, ამხანაგობაში წილის მიხედვით მიღებული წინა წლების ზარალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით გამოიქვითება ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების ხარჯზე. შესაბამისად, გამოსაქვითი ზარალის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამხანაგობიდან კუთვნილი მოგების ოდენობას, რომელიც ასახულია ამავე დეკლარაციის მე-15 სტრიქონში. ამასთან, პირი, რომელიც სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით, რომელზეც ვრცელდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა, უფლებამოსილია ამ სტრიქონში ასახოს წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომლის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი (მოგება); მაგალითი 1: კომერციული ბანკის მიერ 2021 წლის განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 500 000 ლარი, მათ შორის, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი 500 000 ლარია, ხოლო მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი – 1 000 000 ლარი. ამასთან, კომერციულ ბანკს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი მიღებული აქვს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით. ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯის ოდენობა შეადგენს 1 300 000 ლარს. შედეგი: კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში წარსადგენი/წარდგენილი 2021 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია შეივსება შემდეგი წესით: დეკლარაციის III ნაწილის: – მე-15 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული 2021 წლის განმავლობაში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი – 1 500 000 ლარი; – მე-19 სტრიქონში – მე-15 სტრიქონში განსაზღვრული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გამოქვითვას დაქვემდებარებული ან აღსადგენი ხარჯი (მე-20-29-ე სტრიქონების ჯამი) – 1 300 000 ლარი. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, პირს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯის აღდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა; – 32-ე სტრიქონში – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გადამეტება გამოქვითვებზე 200 000 ლარი (1 500 000 – 1 300 000); – 34-ე სტრიქონში – მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) – 500 000 ლარი; – 36-ე სტრიქონში – 0. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმის გათვალისწინებით, კომერციული ბანკი უფლებამოსილია 2022 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარსადგენი მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 35-ე სტრიქონში ასახოს 300 000 ლარი (500 000 – 200 000), როგორც წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი. შენიშვნა: მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირი, რომელიც მოგების გადასახადში სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საგადასახადო შეღავათით, რომელზეც არ ვრცელდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა, არ არის უფლებამოსილი მომდევნო წლებში გადაიტანოს 300 000 ლარი, როგორც წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი. კ) 36-ე სტრიქონში – დასაბეგრი მოგება, რომელიც მიიღება: საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტებას (სტრიქონი 32) გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) (სტრიქონი 34) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლის ზარალი (სტრიქონი 35, მაგრამ არა უმეტეს 32-ე სტრიქონის მონაცემს გამოკლებული 34-ე სტრიქონის მონაცემი). გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოსაქვითი ზარალი განსაზღვროს იმ (შემცირებული) ოდენობით, რომელიც საშუალებას მისცემს მას ჩაითვალოს 38-ე-39-ე სტრიქონებში ასახული გადასახადის თანხები. ლ) 37-ე სტრიქონში – მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება 36-ე სტრიქონში ასახული თანხის გამრავლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადის განაკვეთზე. ამასთან, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესის გაუქმების შედეგად, 2023  წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი რეზერვის ნაშთების სხვაობის სახით მიღებული დასაბეგრი მოგება/შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით; მ) 38 -ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ხოლო თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი – 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ – „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ნ) 39-ე სტრიქონში – საქართველოს ფარგლებს გარეთ (უცხოეთში) ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის თანხა შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, მაგრამ არაუმეტეს იმ ოდენობისა, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესით და განაკვეთით. გადასახადის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მიხედვით; ო) მე-40 სტრიქონში – კუთვნილი მოგების გადასახადი: მე-16 სტრიქონში ასახული თანხის 5%-ს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი) მიმატებული დადებითი სხვაობა, რომელიც მიიღება 37-ე სტრიქონის მონაცემს გამოკლებული 38-ე-39-ე სტრიქონების ჯამი (სტრიქონი 16 X 5% + (სტრიქონი 37 – სტრიქონი 38 – სტრიქონი 39)). ამასთან, უარყოფითი სხვაობის (37-ე სტრიქონს გამოკლებული 38-ე-39-ე სტრიქონების ჯამი) შემთხვევაში მე-40 სტრიქონში ჩაიწერება მხოლოდ მე-16 სტრიქონის 5%. პ) 41-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტი საწარმოს მიერ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 37-ე და 38-ე სტრიქონებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, თუ 38-ე სტრიქონში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 37-ე სტრიქონში გამოანგარიშებულ მოგების გადასახადის თანხას; ჟ) 42-ე – 46-ე სტრიქონები საინფორმაციოა, ამასთან, 45-ე სტრიქონში კაპიტალი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 123-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და წარმოადგენს საწარმოს აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობას გამოკლებული ამ საწარმოს მიმართ დამფუძნებელთა ვალდებულებები, რომლებიც საწარმოს აქტივია;

9.დეკლარაციის დანართი „ა“ („ერთობლივი შემოსავალი“): ა) 1-13 სტრიქონების ჯამი (სვეტი 5) ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-15 სტრიქონისა ბ) 2.1 სტრიქონში შეიტანება ნამეტი თანხა, რომელიც წარმოიშვება საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხასა, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას – მათ საბაზრო ღირებულებასა და ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შორის წლის ბოლოსათვის. აღნიშნული სტრიქონის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს დეკლარაციის „ე“ დანართის მე-9 სტრიქონი, აგრეთვე, დეკლარაციის „ვ“ დანართში მოცემული შესაბამისი აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი: გ) 2.2 სტრიქონში შეიტანება იმ ძირითადი საშუალებების მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელთა ღირებულება სრულად იქნა გამოქვითული მათი ექსპლუატაციაში მიღებისას; დ) 3.5 სტრიქონში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ერთობლივ შემოსავალში შესატანი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად ფაქტობრივად შესრულებული მოცულობის მიხედვით – საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან; ე) მე-7 სტრიქონში შეიტანება პირის მიერ დივიდენდების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი) მიერ მიღებული დივიდენდებისა. მე-7 სტრიქონში ასევე არ შეიტანება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ვ) მე-9 სტრიქონში შეიტანება ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება, რომელიც ამხანაგობამ მიიღო ამავე წელს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ზ) მე-10 სტრიქონში ჩაიწერება ადრე გამოქვითული ხარჯების, ზარალისა და უიმედო ვალების ანაზღაურებით მიღებული თანხა, აგრეთვე, წინასწარ გამოქვითული რეზერვების შემცირებისას – შემცირებული თანხა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლი).

10.„დეკლარაციის დანართ „ბ“-ში („სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები“) აისახება საწარმოში ნებისმიერი სახით მიღებული და ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მიუხედავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა. ამასთან: ა) პირველ სტრიქონში ჩაიწერება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება საანგარიშო წლის დასაწყისისათვის, მიუხედავად მათი გამოყენების მიზნობრიობისა (გადმოიტანება წინა წლის ბოლოს არსებული ფასეულობების ღირებულება). პირველ სრტიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-17 სტრიქონისა; ბ) მე-2 სტრიქონში ჩაიწერება საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა. მე-2 სტრიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-20 სტრიქონისა; გ) მე-3 სტრიქონში „საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები“ ჩაიწერება საანგარიშო წლის ბოლოსათვის ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება. მე-3 სრტიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-18 სტრიქონისა; ცნობისათვის, იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელთა გამოქვითვა შეზღუდულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, აისახება დეკლარაციის „თ“ დანართის მე-18 სტრიქონში (აღნიშნული თანხით მცირდება „სხვა გამოქვითები ერთობლივი შემოსავლიდან“); დ) მე-4-მე-9 სტრიქონები არის საინფორმაციო ხასიათის;

11.დეკლარაციის დანართი „გ“ („ოპერაციები რომლებიც არ განიხილება მიწოდებად ან/და არ ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში“) არის საინფორმაციო ხასიათის; 12 დეკლარაციის დანართ „დ“-ში („კრედიტზე (სესხზე) დარიცხული პროცენტების დანახარჯები (ეროვნულ ვალუტაში)“) აისახება საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის კრედიტის (სესხის) ოდენობა ეროვნულ ვალუტაში. ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული, დაფარული კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობა, რომლის გამოქვითვის უფლება აქვს საწარმოს (სვეტი.

6)საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შეზღუდვების გათვალისწინებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი). გამოსაქვით პროცენტზე არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვა. ამასთან: ა) საწარმოს მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი (კრედიტი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის გადაიანგარიშება ლარებში. ბ) მე-6 სვეტის ჯამი ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 23-ე სტრიქონისა;

13.„დეკლარაციის დანართ „ე“-ში განისაზღვრება ამორტიზაციის ანარიცხები და გამოქვითვები საწარმოს საკუთრებაში რიცხული ძირითადი საშუალებების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, გარდა დეკლარაციის „ვ“ და „ზ“ დანართებში მოცემული აქტივებისა, ამასთან: ა) მე-8 სტრიქონის ჯამი (სვეტი 7) მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 25-ე სტრიქონის ფორმირებაში; ბ) მე-9 სტრიქონის ჯამი (სვეტი 7) მონაწილეობას იღებს დეკლარაციის დანართ „ა“-ს 2.1 სტრიქონის ფორმირებაში, ხოლო მე-10 სტრიქონის ჯამი მონაწილეობას იღებს დეკლარაციის „თ“ დანართის მე-10 სტრიქონის ფორმირებაში;

14.დეკლარაციის დანართი „ვ“-ს („საამორტიზაციო ანარიცხები სხვა აქტივების მიხედვით“): ა) პირველ სტრიქონში აისახება ცალ-ცალკე ჯგუფად აღრიცხული შენობა-ნაგებობების მიხედვით (გარდა ლიზინგის საგნისა) 5%-ის ოდენობით განსაზღვრული ამორტიზაციის ანარიცხების ჯამური თანხა; ბ) მე-2 სტრიქონში – არამატერიალური აქტივების საამორტიზაციო ანარიცხები, განისაზღვრება მათი სასარგებლო გამოყენების ვადის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი). გ) მე-3 სტრიქონში აისახება იმ არამატერიალური აქტივების სამორტიზაციო ანარიცხები, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადა არ არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 15 პროცენტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილი); დ) მე-4 სტრიქონში აისახება ამორტიზაციის ანარიცხები 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-12 ნაწილი); ე) მე-5 სტრიქონში აისახება ამორტიზაციის ანარიცხები 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებების მიხედვით, რომლის საამორტიზაციო ანარიცხები გამოითვლება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 35-ე ნაწილი); ვ) მე-6 სტრიქონში – ამორტიზაციის ანარიცხები გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მომსახურების ხარჯების მიხედვით განისაზღვრება 20 პროცენტის ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილი); ზ) მე-7 სტრიქონში – ამორტიზაციის ანარიცხები იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების მიხედვით, განისაზღვრება 15%-ის ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი 115-ე მუხლის მე-4 ნაწილი); თ) მე-3 სვეტის ჯამი მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 25-ე სტრიქონის ფორმირებაში;

15.დეკლარაციის დანართი „ზ“-ს („სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება“) მე-4 სტრიქონის ჯამი (სვეტი 5) ტოლია დეკლარაციის III ნაწილის 27-ე სტრიქონისა;

16.დეკლარაციის დანართ „თ“-ს („სხვა გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან“): ა) მე-17 სტრიქონზე შეიტანება ყველა სხვა ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა), მ.შ. წინა საანგარიშო პერიოდების დანახარჯების ჩათვლით, რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში (პირველი-მე-16 სტრიქონების ჯამი). ბ) მე-18 სტრიქონზე აისახება ის თანხები, რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს, თუმცა იგი ასახულია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-20–28-ე სტრიქონებში, მათ შორის: ბ.ა) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი; ბ.ბ) საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები; ბ.გ) შეძენებზე გაწეული დანახარჯები, რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს გამოქვითვის უფლება (მაგ: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი); ბ.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღისათვის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე; ბ.ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით შესამცირებელი ხარჯი; ბ.ვ) სხვა დანახარჯები, რომელიც ამცირებს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს; გ) მე-19 სტრიქონი განისაზღვრება მე-17 და მე-18 სტრიქონებს შორის სხვაობის ოდენობით, რომელიც ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 29-ე სტრიქონისა. ამასთან, შესაძლებელია მე-19 სტრიქონის მნიშვნელობა იყოს უარყოფითი სიდიდე.

17.დეკლარაციის დანართ „ი“-ში აისახება საწარმოს დებიტორული მოთხოვნა და კრედიტორული დავალიანება.

18.დეკლარაციის დანართ „კ“-ში და დეკლარაციის დანართ „ლ“-ში შეიტანება მონაცემები საწარმოს საბალანსო მონაცემებიდან (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) გამომდინარე. ამასთან, ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს უფლება აქვთ აღნიშნული „კ“ და „ლ“ დანართების ნაცვლად შეავსონ „კ 1 “ და „ლ 1 “ დანართები.

19.დეკლარაციის დანართი „კ 1 “ და დეკლარაციის დანართი „ლ 1 “ შეიძლება შეივსოს მხოლოდ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ.

20.დეკლარაციის დანართი „მ“ („ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-129¹ მუხლებით გათვალისწინებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ“) ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ჯამური მოცულობა  (თანხა)  აღემატება  500 000  ლარს.  ამასთან, აღნიშნული ოპერაციების ჯამურ მოცულობაში გაითვალისწინება ასევე უსასყიდლოდ გაწეული კონტროლირებული ოპერაციების საბაზრო ღირებულება და არსებული კრედიტორული ან/და დებიტორული დავალიანების მოცულობა. დანართ „მ“-ის  სვეტებში დასახელების შესაბამისად აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) პირველ-მე-3 სვეტებში – ურთიერთდამოკიდებული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და რეზიდენტობა; ბ) მე-4 სვეტში – საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში მონაწილე პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმა, კერძოდ: ბ.ა) პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა; ბ.ბ) არაპირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა; ბ.გ) სამეწარმეო გადაწყვეტილებების პრაქტიკული კონტროლი; ბ.დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტი; ბ.ე) მუდმივი დაწესებულება; გ) მე-5 სვეტში – საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის სახე, რომელიც საწარმომ განახორციელა ან/და ოპერაციის სახე, რომელზეც უფიქსირდება დებიტორული/კრედიტორული დავალიანება. ამასთან, თუ კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში ერთი და იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებულია რამდენიმე კონტროლირებული ოპერაცია, ინფორმაცია აღნიშნული ოპერაციების შესახებ აისახება ერთ სტრიქონად. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კონტროლირებულ ოპერაციად ითვლება: გ.ა) საქონლის/მომსახურების მიწოდება/შესყიდვა; გ.ბ) მატერიალური/არამატერიალური აქტივების მიწოდება/შესყიდვა; გ.გ) მიღებული/გაცემული სესხი; გ.დ) საპროცენტო შემოსავალი/ხარჯი; გ.ე) მიღებული/გაცემული გარანტია; გ.ვ) სხვა ფინანსური ოპერაციები; გ.ზ) არამატერიალური აქტივის გამოყენებისთვის გადახდილი/მიღებული თანხები (როიალტი); გ.თ) ბიზნესის რესტრუქტურიზაცია.  ამ ქვეპუნქტის  მიზნებისთვის  ბიზნესის რესტრუქტურიზაცია არის  ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც იცვლება მხარეთა მიერ შესრულებული ფუნქციები, აღებული რისკები და გამოყენებული აქტივები; ასევე, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა, გადახედვა და არსებითი ცვლილება; გ.ი) სხვა კონტროლირებული ოპერაცია. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კონტროლირებული ოპერაცია, მათ შორის, არის უსასყიდლოდ განხორციელებული და ბარტერული ოპერაციები; დ) მე-6 სვეტში – მე-5 სვეტში ასახული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობა (ღირებულება), მისი განხორციელების ვალუტაში (ოპერაციის ჯამური თანხა); იმ შემთხვევაში, თუ პირს უფიქსირდება კრედიტორული/დებიტორული დავალიანება, თუმცა საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებია ოპერაცია, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობად (ღირებულებად) მიეთითება – 0; ე) მე-7 სვეტში – განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში (ლარში), ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით; ვ) მე-8 სვეტში – კრედიტორული ან დებიტორული დავალიანების ნაშთი საანგარიშო წლის ბოლოსთვის მისი განხორციელების ვალუტაში; იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშვა კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების ვალდებულება, თუმცა არ განუხორციელებია, კრედიტორული/დებიტორული დავალიანების ნაშთი მიეთითება განსახორციელებელი ოპერაციის მოცულობის (ღირებულების) გათვალისწინებით; ზ) მე-9 სვეტში – საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის დაწყების თარიღი; თ) მე-10 სვეტში – ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია (მაქვს/არ მაქვს/მზადდება/ვაპირებ მომზადებას). მაგალითი: ფაქტობრივი გარემოებები: 2020 წელს საქართველოს რეზიდენტ შპს „A“-სა და შვეიცარიის კონფედერაციის რეზიდენტ საწარმო „B“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. „B“ არის შპს „A“-ს 52%-იანი წილის მფლობელი. 2020, 2022, 2023 და 2024 წლებში საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებულია 8 სესხის ხელშეკრულება,  სულ  მიღებულია  1 500 000  აშშ  დოლარი,  მათ  შორის,  2024  წელს მიღებულია სესხები:

1)15.03.2024 – 350 000 აშშ დოლარი;

2)15.08.2024 – 300 000 აშშ დოლარი. ამასთან 2020-2023 წელს მიღებული სესხები დაბრუნებულია სრულად. 2024 წლის 31 დეკემბერს შპს „A“-მ დააბრუნა მიღებული სესხის ძირი თანხიდან 250 000 აშშ დოლარი, ამავე თარიღისთვის შპს „A“-ს მიერ გადასახდელი პროცენტი შეადგენდა 97500 აშშ დოლარს, რაც ასევე სრულად გადაიხადა. დეკლარაციის წარდგენის მომენტისთვის ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შპს „A“ არ ფლობს. შედეგი: 2024  წლის  საანგარიშო  პერიოდის  დეკლარაციაში  შპს  „A“-ს  მიერ  დეკლარაციის დანართ 4-ში ინფორმაცია აისახება ორ სტრიქონად შემდეგი სახით: I ოპერაცია:

1)პირველ – მე-3 სვეტებში   მიეთითება – „B“ საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეზიდენტობის ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია;

2)მე-4 სვეტში აისახება ურთიერთდამოკიდებულების ფორმა – პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

3)მე-5 სვეტში აისახება განხორციელებული ოპერაციის სახე – მიღებული სესხი;

4)მე-6 სვეტში აისახება 2024 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებული სესხის მოცულობა – 650 000 აშშ დოლარი, ხოლო მე-7 სვეტში – სესხის მოცულობა ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად – 1 744 340 ლარი (350 000*2.6758 (15.03.2024 წლის აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით) + 300 000*2.6927(15.08.2025 წლის აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით));

5)მე-8 სვეტში აისახება დებიტორული დავალიანების ნაშთი – 400 000 აშშ დოლარი (650 000 – 250 000);

6)მე-9 სვეტში აისახება მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების თარიღი – 2020 წელი;

7)მე-10 სვეტში აისახება კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია – „არ მაქვს“. II ოპერაცია:

1)პირველ – მე-3 სვეტებში, შესაბამისად, მიეთითება – „B“ საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეზიდენტობის ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია;

2)მე-4 სვეტში აისახება ურთიერთდამოკიდებულების ფორმა – პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

3)მე-5 სვეტში აისახება განხორციელებული ოპერაციის სახე – საპროცენტო ხარჯი;

4)მე-6 სვეტში აისახება 2024 წლის განმავლობაში საპროცენტო ხარჯის მოცულობა  –  97 500  აშშ  დოლარი,  ხოლო  მე-7  სვეტში  –მოცულობა  ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად   –  273 663   ლარი   (97 500*2.8068  (31.12.2024   წლის   აშშ   დოლარის გაცვლითი   კურსი   ლართან   მიმართებით));

5)მე-8 სვეტში აისახება საპროცენტო დავალიანების ნაშთი – 0;

6)მე-9 სვეტში აისახება მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების თარიღი – 2020 წელი;

7)მე-10 სვეტში აისახება კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია – „არ მაქვს“. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №291 – ვებგვერდი, 05.09.2013 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 მარტის ბრძანება №99 – ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 9 ივნისის ბრძანება №164 – ვებგვერდი, 09.06.2015წ . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 13 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 14.06.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 16 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 17.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის ბრძანება №39 – ვებგვერდი, 13.02.2025წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 25.02.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №390 · ძალაშია 25 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 40¹ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 41¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 24 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 40¹ (დანართი 1)მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ( დანართი №II-08 6 ) შევსება
  • 40 (დანართი 1)მოგების გადასახადის დეკლარაცია
  • 43 (დანართი 1)ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილების დეკლარაციის შევსება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 153დეკლარაციის წარდგენა
  • 67საგადასახადო დეკლარაცია
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 86დამატებითი საბაჟო დეკლარაცია
  • 85გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია
  • 94დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 9გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91⁴განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91⁴9153674340¹ (…40 (დ…43 (დ…86859441 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026