1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ან/და 45-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) გადასახადის გადამხდელის განცხადება; ბ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება. 1 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა 1 “, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გარეშე.
2.საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადაა 1 თვე.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება იწყება გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის განცხადების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
4.განცხადება უნდა მოიცავდეს: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელებას, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართს, ტელეფონის ნომერსა და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) საგადასახადო დავალიანების ოდენობას (მათ შორის, გადასახადის ძირითად თანხას, ჯარიმას და საურავს); გ) გადასახადის გადამხდელის ან/მისი წარმომადგენლის ხელმოწერას; დ) მოთხოვნას, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ, შესაბამისი ნორმის მითითებით.
5.გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ მომართვის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
6.თუ დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილია, რომ არსებობს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ან 45-ე ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით იწყება საგადასახადი დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
7.გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში დროულად (გონივრულ ვადაში) წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი. გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე ჩერდება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება.
8.გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა და შესაბამისი გადასახადის ან/და სანქციის შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 13.01.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 - ვებგვერდი, 24.06.2024წ .

