1.ეს თავი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის პირობებსა და პროცედურებს.
2.დღგ-ით ამ თავის შესაბამისად იბეგრება: ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია; ბ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე; ბ) ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი; გ) დღგ-ით არ იბეგრება: გ.ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება გ.ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება; გ.გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება; გ.დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდება.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციაც ხდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე; ბ) ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი; გ) დღგ-ით არ იბეგრება (გარდა სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის (მიწოდების) შემთხვევისა): გ.ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება; გ.ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება; გ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება; გ.დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდება.
5.საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირად ითვლება პირი, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქონლის რეალიზაციას. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით კრედიტორი თავად ახორციელებს მოვალის/მესამე პირის საქონლის (მათ შორის, უზრუნველყოფის საგნის) რეალიზაციას (მიწოდებას), ამ ოპერაციაზე რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირად ითვლება კრედიტორი.
6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/გადასახდელი ანაზღაურება) მოიცავს დღგ-ის თანხას; ბ) საქონლის რეალიზაციის (მიწოდების) დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე – 172-ე მუხლების, ასევე, ამავე კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკანონმდებლო ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საქონლის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლებას.
7.მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაციისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის რეალიზაციად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №332 - ვებგვერდი, 14.12.2021წ.

