1.აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამს; ა 1 ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამს; ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებული კაფსულებისა და მსგავსი სახის პროდუქტებისთვის (თამბაქოს შემცველობით) 20 ცალზე და წვის პროცესის გარეშე აეროზოლის მისაღებად გამოსაყენებელი ღერებისთვის 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამს; გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამს.
2.ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, მომდევნო წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია, მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის დასახელების/ქვედასახელების და თითოეული მათგანის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.
3.შემოსავლების სამსახური ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრს ყოველწლიურად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ნოემბრისა, წარუდგინოს ინფორმაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.
4.შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასებისა და ამ საქონელზე შესაბამისი წლის 6 თვის განმავლობაში – იანვრიდან მარტის და ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სავაჭრო ქსელში არსებულ ფასებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ფასების საფუძველზე. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის ამომწურავ ჩამონათვალს, მათი დასახელების/ქვედასახელების და შესაბამისი საცალო სარეალიზაციო ფასის მითითებით.
5.საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისას გაითვალისწინება „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ მხოლოდ 52.1 და 52.2 კოდებით გათვალისწინებულ საქმიანობის ობიექტში რეალიზებული თამბაქოს პროდუქციის საცალო სარეალიზაციო ფასი.
6.საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ მიწოდებულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასსა და საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასს შორის არაუმეტეს 2-პროცენტიანი სხვაობის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიყენება საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი მონაცემები.
7.თუ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ფასის შესახებ მონაცემებს შორის სხვაობა აღემატება 2 პროცენტს, გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი.
8.აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში.
9.საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი გამოიყენება, მხოლოდ აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის.
10.სავაჭრო ქსელში ამ საქონლის საბოლოო მოხმარებისთვის დაწესებულ სარეალიზაციო ფასსა და აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასს შორის გამოვლენილი განსხვავება არ შეიძლება გახდეს საქონლის მწარმოებლისათვის/იმპორტიორისთვის აქციზის თანხის დამატებით დარიცხვის საფუძველი.
11.თუ მწარმოებელი/იმპორტიორი გეგმავს ახალი დასახელების/ქვედასახელების ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის (თამბაქოს ნაწარმის, რომლისთვისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ არ არის დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასი) წარმოებას/იმპორტს, იგი ვალდებულია, აღნიშნული საქონლის წარმოებამდე/იმპორტამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის დასახელების/ქვედასახელების და სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.
12.ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის წარმოების/იმპორტირების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას, საქონლის დასახელების/ქვედასახელების და შესაბამისი საცალო სარეალიზაციო ფასის მითითებით, რის საფუძველზედაც ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. აღნიშნული ბრძანება ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ქსელში რეალიზაციის დაწყებამდე ეგზავნება მხოლოდ იმ მწარმოებელს/იმპორტიორს, რომლის ინფორმაციის საფუძველზეც განხორციელდა შესაბამისი ფასის დადგენა.
13.ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი თამბაქოს ნაწარმის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასებზე დაყრდნობით.
14.მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ახალი ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის წარმოების/იმპორტირების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობის ან/და დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, ახალი ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენამდე, აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნით მის მიმართ გამოიყენება შესაბამისი დასახელების თამბაქოს ნაწარმისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი მაქსიმალური საცალო სარეალიზაციო ფასი.
15.მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ახალი დასახელების თამბაქოს ნაწარმის წარმოების/იმპორტირების შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობის ან/და დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში ახალი დასახელების თამბაქოს ნაწარმისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენამდე, აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნით მის მიმართ გამოიყენება შესაბამისი თამბაქოს ნაწარმისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი მაქსიმალური საცალო სარეალიზაციო ფასი.
16.საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასების დადგენამდე.
17.ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ქსელში საცალო რეალიზაციის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია დამოუკიდებლად, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის საფუძველზე, განსაზღვროს საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი და, თუ ამ საქონელზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასსა და მის მიერ განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობა 2%-ზე მეტია, წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრს, აღნიშნულ საქონელზე ახალი საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით.
18.ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც საქონლის იმპორტიორის/მწარმოებლის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაცია, შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის საფუძველზე განსაზღვრული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაციას.
19.ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის იმპორტიორს უფლება აქვს, ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების გამოცემიდან 1 თვის ვადაში, საკუთარი ინიციატივით, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
20.ამ მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, პირს, საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობის გამო, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.
21.შემოსავლების სამსახურში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგიას ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
22.საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურისაგან გამოითხოვოს ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებული ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის გაცემაც არ არის შეზღუდული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება №82 – ვებგვერდი, 18.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №205 - ვებგვერდი, 29.08.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №247 – ვებგვერდი, 16.08.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 20.04.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 29.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №386 - ვებგვერდი, 29.11.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

