1.ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზ ე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს: ა) სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი; ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა; გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა; დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, თუ ამ არასრულწლოვანზე გაცემულია პირადობის მოწმობა; ე) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო; ვ) დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, თუ ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა ამ ბრძანების 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირზე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობით/დოკუმენტით; ზ) საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი.
2.ამ წესის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თითის ანაბეჭდის და ელექტრონული მატარებლის გარეშე პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს: ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი; ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა; გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა; დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა; ე) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი; ვ) დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ზ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
3.საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე (მათ შორის, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე იმყოფება საზღვარგარეთ), რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობით ან ამ წესის 48-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად .
4.საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე 14 წლის ასაკს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება წარადგინოს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
5.პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, თუ შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტის გასაცემად აუცილებელია მისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. ეს დანაწესი არ ვრცელდება პირზე, რომელზეც გაიცემა ბიომეტრიული პასპორტი მისი ნების გამოხატვის გარეშე ამ ბრძანების 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6.როგორც წესი, პირი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს ერთზე მეტ მოქმედ პასპორტს. პირზე შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი პასპორტი, თუ ერთზე მეტი პასპორტის ფლობა საჭიროა ერთსა და იმავე პერიოდში ვიზის მისაღებად ან უცხო ქვეყანაში მგზავრობისათვის. მოთხოვნა ერთზე მეტი პასპორტის გაცემის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს. დაინტერესებულ პირს შესაძლოა მოეთხოვოს შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2014 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის ბრძანება №272 - ვებგვერდი, 05.01.2018 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1114 - ვებგვერდი, 02.10.2025 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

