1.პირისათვის პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან: ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში); ბ) საჭიროების შემთხვევაში იმ პირისაგან, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, მიიღონ ბიომეტრიული მონაცემები; გ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით, ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადასცენ განმცხადებელს. დ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები; ე) შეამოწმოს წარმოდგენილია თუ არა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი; ვ) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ, ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული; ზ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი, გადაცილებულია 14 წლის ასაკს, შეამოწმონ და დაადგინონ ხომ არ იძებნება პირი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. სააგენტოს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაშვებასთან ან/და ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით შეფერხების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისას იხელმძღვანელოს შეფერხებამდე არსებული მონაცემებით/ინფორმაციით (ასეთი მონაცემების/ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში), ხოლო ასეთი მონაცემების/ინფორმაციის არარსებობის ან მისი გადამოწმების შეუძლებლობისას – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ; თ) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს და უზრუნველყონ მათი გაცემა ამ წესის შესაბამისად. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის შემთხვევაში გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება .
1¹.თუ პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია შეფერხების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში გადაამოწმოს, პირი, რომელზეც გაიცა დოკუმენტი, ხომ არ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. თუ აღმოჩნდა, რომ პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია დოკუმენტის გაცემის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
2.განცხადება-ანკეტის ფორმებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №138 - ვებგვერდი, 06.08.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 19 ივნისის ბრძანება №1218 - ვებგვერდი, 19.06.2026 წ.

