1.რეგულირების სააგენტოს მიერ რევიზია ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.
2.შესამოწმებელი ობიექტების (მიმწოდებლების) შერჩევა ხდება განმახორციელებლის მიერ.
3.პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებში რევიზია ითვალისწინებს: ა) ანაზღაურებული შემთხვევების სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას; ბ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმებას.
4.პროგრამის მიმწოდებლებთან რევიზია ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.
5.რეგულირების სააგენტო პროგრამის განმახორციელებლისა და მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, შემმოწმებელ ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მათი დამოწმებული ქსეროასლები (შემოწმების განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად).
6.შემმოწმებელი (რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი) უფლებამოსილია: ა) დალუქოს მიმწოდებელთან არსებული მხოლოდ ის სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შემოწმების ჩასატარებლად. დალუქვის აქტს ამტკიცებს რეგულირების სააგენტო; ბ) მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები; საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.
7.რევიზია ხორციელდება ობიექტური გარემოების არსებობისას სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის და სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად.
8.რევიზიის განხორციელების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები.
9.რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
10.რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. რევიზიის შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს, გარდა ამ დანართის 19 1 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურებისა, უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო. ამ დანართის 19 1 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №596 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

