1.რეგულირების სააგენტოს მიერ კონტროლი ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.
2.შესამოწმებელი სამედიცინო დაწესებულებების (პროგრამის მიმწოდებლები) შერჩევა ხდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ.
3.პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებში კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ სამედიცინო და ფინანსურ დოკუმენტაციასთან; გ) გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების პროგრამის მოსარგებლის მიერ ანაზღაურების საფუძვლიანობის შემოწმებას.
4.პროგრამის მიმწოდებლებთან კონტროლი ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით ან/და საჭიროებისამებრ. კონტროლის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.
5.რეგულირების სააგენტო პროგრამის განმახორციელებლისა და მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, შემმოწმებელ ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მათი დამოწმებული ქსეროასლები (შემოწმების განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად).
6.შემმოწმებელი (რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი) უფლებამოსილია: ა) დალუქოს მიმწოდებელთან არსებული მხოლოდ ის სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შემოწმების ჩასატარებლად. დალუქვის აქტს ამტკიცებს რეგულირების სააგენტო; ბ) მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები; საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.
7.კონტროლი ხორციელდება ობიექტური გარემოების არსებობისას სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის და სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად.
8.კონტროლის განხორციელებისას რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება კონტროლის აქტი რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. კონტროლის აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება, დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
9.კონტროლის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს, გარდა ამ დანართის 19 1 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურებისა, უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო. ამ დანართის 19 1 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 27.10.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №596 – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.

