1.სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ანდა ეს სამუშაოები სხვა პირს დაუკვეთოს, თუ: ა) არსებობს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები; ბ) არქეოლოგიური ობიექტი ან მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია იგი, არ არის სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრება ან ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემულია სხვა პირზე, ამასთანავე, მესაკუთრე (მფლობელი) არაა თანახმა არქეოლოგიურ ობიექტზე სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე და არსებობს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები; გ) სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ტარდება ამ კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში ან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში და ძეგლის/არქეოლოგიური ობიექტის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან თავად ძეგლს/არქეოლოგიურ ობიექტს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანო ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს მესაკუთრეს (მფლობელს) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანი.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამუშაოების მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომლის საფუძველზედაც სამინისტრო გასცემს შესაბამის ნებართვას. სასამართლო განცხადებას განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს სამუშაოთა ჩატარების უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი.
3¹.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობები არ გამოიყენება, თუ სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ტარდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4.სამუშაოთა ჩატარების უფლების მინიჭების შესახებ განცხადება წარედგინება სასამართლოს. განცხადება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულისა, ასევე უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას ჩასატარებელი სამუშაოების სახეობებისა და მათი ჩატარების ვადების შესახებ; ბ) დასაბუთებას სამუშაოთა ჩატარების აუცილებლობისა და შესაბამისი გარემოებების არსებობის შესახებ; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესაკუთრისათვის (მფლობელისათვის) ზიანის მიყენების ალბათობისას – მითითებას საკომპენსაციო თანხის ოდენობისა და გადახდის ვადის შესახებ; დ) ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მითითებას ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) მიერ სამუშაოს შემსრულებლისათვის ძეგლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დახარჯული თანხის ოდენობისა და გადახდის ვადის შესახებ.
5.განცხადებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა დაერთოს ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია. თუ სარეაბილიტაციო (არქეოლოგიური) სამუშაოების პროექტის შესადგენად აუცილებელია წინასწარი კვლევითი სამუშაოების ჩატარება, განცხადებას უნდა დაერთოს კვლევითი სამუშაოების პროექტი, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო დაინტერესებულ მხარეს განუსაზღვრავს კვლევითი სამუშაოების ჩატარებისა და სარეაბილიტაციო (არქეოლოგიური) სამუშაოების პროექტის მომზადების ვადას, რომლის განმავლობაშიც სასამართლო წარმოება შეჩერდება. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ამ ვადის გაგრძელების შესახებ. სარეაბილიტაციო (არქეოლოგიური) სამუშაოების პროექტის სასამართლოში წარდგენისას, ასევე წარსადგენად განსაზღვრული ვადის გასვლისას სასამართლო წარმოება განახლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამუშაოების პროექტი სასამართლოში წარდგენამდე უნდა შე უთანხმდეს სამინისტროს.
6.სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოების ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას ჩასატარებელი სამუშაოების სახეობების, შესაბამისი პროექტის და მისი განხორციელების ვადის შესახებ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესაკუთრისათვის (მფლობელისათვის) ზიანის მიყენების ალბათობისას – მითითებას საკომპენსაციო თანხის ოდენობისა და გადახდის ვადის შესახებ; გ) ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მითითებას ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) მიერ სამუშაოს შემსრულებლისათვის ძეგლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დახარჯული თანხის ოდენობისა და გადახდის ვადის შესახებ.
7.თუ არქეოლოგიური ობიექტის ან ძეგლის ინტერესი გადაუდებელ, სასწრაფო ჩარევას მოითხოვს (გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელია მისი შეუქცევადი დაზიანება ან განადგურება), სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს შუალედური გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზედაც სამინისტრო დაუყოვნებლივ გასცემს შესაბამისი სამუშაოების ნებართვას. ამ შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანი, კომპენსაციის ოდენობა და გადახდის ვადა. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5695 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

