ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დევნილის სტატუსის მაძიებელი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო); ბ) დევნილის მოწმობა – სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. თუ დევნილის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ერთმანეთს ემთხვევა, დევნილის მოწმობა ასევე არის საცხოვრებელი ფართობის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევისა; გ) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო; დ) დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ე) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს; ვ) დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი; ზ) სოციალური დახმარება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი სახის მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილის/დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ; თ) დევნილთა რეგისტრაცია – სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დევნილის მოწმობის გაცემა; ი) დევნილთა ანკეტირება – სამინისტროს მიერ დევნილთა პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების აღრიცხვის პროცედურა; კ) მონაცემთა ბაზა – დევნილების მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო ამ კანონის შესაბამისად; ლ) დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); მ) შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) – ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას; ნ) სათანადო საცხოვრებელი – დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა; ო) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) – დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა; პ) მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი – საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს; ჟ) ოკუპირებული ტერიტორიები − „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3097 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6912 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა
- №124506.07.2017კონსტიტუციური სარჩელიპროცესუალური / დასაშვებობა
- №124406.07.2017კონსტიტუციური სარჩელიპროცესუალური / დასაშვებობა
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 193
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ხელახლა განხილვაზე უარის ბათილად ცნობა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება
დავა შეეხებოდა დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ხელახლა განხილვაზე უარის ბათილად ცნობას და საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემას. მოპასუხე იყო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სხვადასხვა სქესის სრულწლოვანი წევრების არსებობა ოჯახის ცალკე ბიოლოგიურ ოჯახებად განხილვასა და ცალ-ცალკე ფართით უზრუნველყოფას არ ავალდებულებდა სააგენტოს. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
- კრებულისაკასაციო არსებითი (T2)
დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
დავა შეეხებოდა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის კანონიერებას. მოპასუხე სააგენტომ უარი დააფუძნა მონიტორინგის დროს ოჯახის ნგრევად ობიექტში არყოფნაზე, თუმცა უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დროებითი არყოფნა თავისთავად არ ნიშნავს საცხოვრებლის მიტოვებას. სასამართლომ დაადგინა, რომ ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებს. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება, რომლითაც უარის აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გაუქმდა და სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
დევნილის სტატუსზე უარის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა
მოსარჩელე ითხოვდა სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობასა და ახალი აქტის გამოცემას დევნილის სტატუსზე უარის გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სტატუსის მინიჭებისთვის არსებითია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და მისი კანონით განსაზღვრული მიზეზით იძულებით დატოვება, ხოლო სტატუსი მემკვიდრეობით არ გადადის. სადავო აქტის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა მოსარჩელეც ვალდებულია დაადასტუროს მის მიერ მითითებული ფაქტები, განსაკუთრებით მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე სამინისტროს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა, და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
- კრებულისაკასაციო არსებითი (T2)
დევნილების ბინიდან გამოსახლებაზე თანხმობის გაცემა ან გამოსახლების შესახებ აქტის გამოცემა
მესაკუთრემ მოითხოვა სამინისტროს დავალებოდა მის ბინაში მცხოვრები დევნილების გამოსახლებაზე თანხმობის გაცემა ან გამოსახლების შესახებ აქტის გამოცემა. უზენაესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დევნილთა მართლზომიერი მფლობელობა და განმარტა, რომ მათი გამოსახლება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებამდე დაუშვებელია. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა შექმნან პირობები, რათა მესაკუთრისთვის საკუთრებით სარგებლობის შეუძლებლობა დაუსრულებელი არ იყოს. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
დევნილი ოჯახის დამატებითი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის ბათილად ცნობა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის დავალება
დავა შეეხებოდა დევნილი ოჯახის მოთხოვნას სააგენტოს უარის ბათილად ცნობისა და დამატებითი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში უკვე გადაცემული ჰქონდა ორი ბინა და ხელახალი უზრუნველყოფის მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა განხილვას. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა და სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვს კონკრეტული, არსებითი მნიშვნელობის მქონე გამოუკვლეველი გარემოებების მითითებას. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოსარჩელის ერთოთახიანი ბინით უზრუნველყოფის დავალება
დავა ეხებოდა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ სააგენტოს ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და მოსარჩელის ცალკე ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა საცხოვრებლით დევნილი ოჯახის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა, ხოლო საპირისპირო სქესის სრულწლოვანი წევრების ცალ ოთახებში განსახლების წესი ცალკე ბინების გადაცემას არ ავალდებულებდა. პალატამ გაითვალისწინა, რომ ოჯახმა დადგენილი საორიენტაციო სტანდარტის შესაბამისი ბინა ნებაყოფლობით მიიღო. უზენაესმა სასამართლომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №6 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 13 მაი. 2014 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სუბიექტთა ჩამონათვალში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შეიცვალა „მუნიციპალიტეტებით“.
მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, დევნილის სტატუსის მაძიებლის განმარტებაში, სამინისტროს სახელწოდება შეიცვალა და ახლა ის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

