1.თუ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ საჩივარზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ ვადაში არ იქნა შეტანილი ასეთი საჩივარი, ან თუ სრულდება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირობები, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შესახებ.
2.განმცხადებელმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფასური უნდა გადაიხადოს აღნიშნული წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.
3.თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში არ გადაიხდის მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის საფასურს, განაცხადი უქმდება და განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება.
4.თუ განმცხადებელი მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის დადგენილ საფასურს გადაიხდის ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, საქპატენტი ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას რეესტრში და აღნიშნული საფასურის გადახდის დღიდან ერთი თვის ვადაში გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე.
5.რეესტრში შეიტანება: ა) რეგისტრაციის ნომერი; ბ) რეგისტრაციის თარიღი; გ) რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი; დ) განაცხადის ნომერი; ე) განაცხადის შეტანის თარიღი; ვ) პირველი განაცხადის ნომერი; ზ) პირველი განაცხადის შეტანის თარიღი; თ) პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის (უწყების) კოდი; ი) სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელი და გვარი (სახელწოდება) და იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდული მისამართი; კ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულება; ლ) მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია; მ) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი; ნ) წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) სახელი და გვარი (სახელწოდება) და იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდული მისამართი; ო) საკანცელარიო ნომერი; პ) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილების ნუსხა.
