1.დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს რეგულირების ობიექტს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამართალდამრღვევ პირს) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები, ხოლო ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დანაშაულის ან ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენის შესახებ, ასევე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები; გ) განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
2.დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, დროებით მიატოვოს სამოძრაო მიმართულება: ა) სამსახურის/სამმართველოს უფროსის, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, იმ შემთხვევაში, როცა სამოძრაო მიმართულების ფარგლებს გარეთ აუცილებელია სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება ან/და სხვა ეკიპაჟის დახმარება; ბ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის უეცარი ავადმყოფობის დროს; გ) პატრულირებისას ამ მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული დროით შესვენების მიზნით, რაც უნდა შეათანხმოს უშუალო ხელმძღვანელთან (შესვენება შესაძლებელია, ასევე განხორციელდეს სამოძრაო მიმართულების მიტოვების გარეშე).
2¹.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე პატრულირებისას სარგებლობს 24 საათში საერთო ჯამში 6-საათიანი შესვენების უფლებით, მათგან 2 საათით – დილის საათებში (რომლის გაყოფაც შესაძლებელია თითოსაათიან ორ შესვენებად) და 4 საათით – ღამის საათებში.
3.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას რეგულირების ობიექტის, მოქალაქის კანონიერი უფლებები, მოქალაქესთან ურთიერთობისას დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები, მათი უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, წარუდგეს მათ, დაასახელოს თავისი თანამდებობა, სახელი, გვარი და განუმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი; აცნობოს მოქალაქეს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) მოითხოვოს რეგულირების ობიექტისაგან მხოლოდ ის დოკუმენტაცია, რაც არსობრივად დაკავშირებულია ობიექტურობის დადგენასთან; გ) მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებისას დოკუმენტს მოექცეს ფრთხილად და არ გააკეთოს მასში ჩანიშვნები და ჩანაწერები. ხოლო, როდესაც წარმოდგენილ დოკუმენტებში ჩაწყობილია ფული ან ხვა ნივთები, დაუბრუნოს მფლობელს; დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოსალოდნელი ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები მის თავიდან ასაცილებლად ან შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად; ე) დააკავოს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წარმოადგენს გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევის იარაღს და მისი მძღოლი; ვ) იცოდეს მის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონები და სხვა სამართლებრივი აქტები. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 22.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ივლისის დადგენილება №349 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.

