1.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 122-ე–125-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის: ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით წარმოდგენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) განმარტება არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულსა და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7102, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში; ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღალი (20%-იანი და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი; გ) ფერადი ლითონის დაუმუშავებელ შენადნობად მიიჩნევა ფერადი ლითონი ან/და ფერადი ლითონების შენადნობი წარმოდგენილი შოთების, ზოდების, ლუგვების, ბრიკეტების ან სხვა პირველად ფორმებში. დ) არააგლომირირებულ კონცენტრირებულ წიდად მიიჩნევა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2601 11 000 01 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი.
2.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 122-ე – 125-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი თანხა ზედმეტად გადახდილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ: ა) არ განხორციელდა ექსპორტის პროცედურით იმ საქონლის გატანა, რომლის ექსპორტის პროცედურაში გაფორმებისთვისაც გადახდილია მომსახურების საფასური; ბ) მომსახურების საფასურის თანხა გადახდილია შეცდომით ან ამ დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №472 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №147 – ვებგვერდი, 11.04.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №301 – ვებგვერდი, 14.08.2023წ.

