„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 27. პასუხისმგებლობის დაკისრების წესი და დავის გადაწყვეტა
1. სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ამ კანონის 24-ე–26-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს სამსახურის უფროსი ან სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული პირი. 2 1 . ამ კანონის 23-ე−26-ე მუხლების ფარგლებში სამსახურის მიერ სანქციის სახის/ოდენობის განსაზღვრისა და სანქციის დაკისრების წესი დგინდება სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
4. სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია განიხილონ საბჭომ და სასამართლომ. საჩივრის ავტორს უფლება აქვს, დავის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს სასამართლოს.
