1.კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი 5 დღის ვადაში განიხილავს მას პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად. კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
2.მესამე მოსმენისათვის უმაღლესი საბჭოს წევრებს ეგზავნება კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია კანონპროექტის მეორე მოსმენისას გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნები.
3.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის მესამე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის მიერ მომზადებული, მეორე მოსმენით კენჭისყრის შედეგად გათვალისწინებული შენიშვნების ფურცელი, ასევე წამყვანი კომიტეტის დასკვნა.
4.მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისათვის თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
5.გამოსვლების დასრულების შემდეგ რედაქციულ შენიშვნებზე პასუხისათვის სიტყვით გამოდის მომხსენებელი. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. მომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კანონპროექტის განხილვას დასრულებულად მიიჩნევს და აყენებს მას კენჭისყრაზე, თუ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
6.მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებული მუხლები კენჭისყრაზე ცალკე დგება. შეიძლება კანონპროექტის მიღება ამ მუხლების გარეშეც, თუ ისინი არ არის კანონპროექტის პრინციპული დებულებები.
7.მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი.
8.კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ. ჩავარდნილ კანონპროექტზე ვრცელდება რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი წესი.
9.მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ კანონპროექტს უმაღლესი საბჭო განიხილავს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მისი წარდგენის შემთხვევაში.
