1.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, უმაღლესი საბჭოს კომიტეტები, ფრაქციები, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები და უმაღლესი საბჭოს აპარატი წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ კანონპროექტის თაობაზე შენიშვნებს, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
2.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღისა წამყვანი კომიტეტი იწვევს კომიტეტის სხდომას. წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრული ის კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.
3.უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვამდე დაფიქსირებული მოსაზრება/შენიშვნა წარედგინება წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გააცნობს მას კომიტეტის წევრებს. თუ კომიტეტი ამ მოსაზრებას/შენიშვნას გაიზიარებს, იგი აისახება კომიტეტის დასკვნაში.
4.კომიტეტის სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს კომიტეტი. იმისათვის, რომ შენიშვნა დადგეს კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5.წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება ალტერნატიულ წინადადებებს.
6.კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას. თუ ინიციატორი მორიგი სესიის განმავლობაში კომიტეტში კანონპროექტის განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მოწვეულ კომიტეტის სხდომაზე ვერ უზრუნველყოფს ინიციატივის კომიტეტის სხდომაზე წარდგენას, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილად ჩაითვლება.
7.წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.
8.თუ ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.
9.ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე არ დასვამს მისი შემდგომი განხილვის საკითხს, იგი უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს აპარატი აწვდის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
10.წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე.
11.წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
12.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, აგრეთვე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი (შემდგომში – შენიშვნების ფურცელი). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
