1.ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მიწოდება – კანონისა და ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდება; ბ) მიმწოდებელი – ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას, მათ შორის, თავისუფალი მიმწოდებელი, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი; გ) თავისუფალი მიმწოდებელი – ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდებას არარეგულირებული, საბაზრო ფასით; დ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი – ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს უნივერსალურ მომსახურებას; ე) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი – ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ბოლო ალტერნატივის მიწოდებას; ვ) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი – ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიას აწვდის იმ მომხმარებელს, რომელზეც არ ვრცელდება უნივერსალური მომსახურება და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; ზ) ახალი მიმწოდებელი – მიმწოდებელი, რომელსაც მომხმარებელი მიმართავს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადით; თ) არსებული მიმწოდებელი – მიმწოდებელი, რომლის შეცვლასაც მიზნად ისახავს მომხმარებელი ახალი მიმწოდებლისთვის წარდგენილი განაცხადით; ი) სისტემის ოპერატორი – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი; კ) მომხმარებელი − პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიას ყიდულობს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის; ლ) მიწოდების ფასი – მიწოდების ხელშეკრულებით შეთანხმებული ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ფასი; ლ 1 ) მიწოდების ცვალებადი ფასი – მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ფასი, რომელიც იცვლება მხარეთა მიერ შეთანხმებული გარემოებების შესაბამისად; მ) მომსახურების საფასური: მ.ა) თავისუფალი მიმწოდებლის შემთხვევაში – ქვითარში ასახული საფასური, რომელიც მოიცავს მიწოდებული ელექტროენერგიის ფასს, კომისიის მიერ დადგენილ გადაცემისა და განაწილების ტარიფებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს; აგრეთვე, შესაბამის შემთხვევაში, მიწოდების ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით დადგენილ სხვა გადასახდელებს; მ.ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდების შემთხვევაში – ქვითარში ასახული საფასური, რომელიც მოიცავს საბოლოო მომხმარებლის ტარიფს (კომისიის მიერ დადგენილი მიწოდების, გადაცემისა და განაწილების ტარიფების ჯამი), საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს, აგრეთვე, შესაბამის შემთხვევაში, მიწოდების ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით დადგენილ სხვა გადასახდელებს; ნ) დეპოზიტი – თანხა ან საბანკო გარანტია, რომელსაც მომხმარებელი წარუდგენს მიმწოდებელს მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით; ო) მომხმარებლის პრეტენზია – მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობიდან, მათ შორის, ამ წესებიდან გამომდინარე უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმწოდებლისთვის წარდგენილი მოთხოვნა; პ) მიწოდების ხელშეკრულება – მიმწოდებლის მიერ შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულება, რომელიც იდება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის და არეგულირებს მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს; ჟ) საჯარო შეთავაზება – მომხმარებელთა მიმართ განხორციელებული, განსაზღვრული ვადით მოქმედი შეთავაზება, რომლითაც მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, საჯარო შეთავაზების მიღების, მომხმარებლის მიერ შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებაზე მიერთებისა და ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე მომხმარებელს მიაწოდოს ელექტროენერგია; რ) დარიცხვის პერიოდი – დროის მონაკვეთი, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვიდან მომდევნო წაკითხვამდე ან, ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირობითი დარიცხვის განხორციელებამდე, ან მომხმარებლის მიერ სისტემის ოპერატორისათვის მრიცხველის ჩვენების მიწოდებამდე; ს) პირველი დარიცხვის პერიოდი – დროის მონაკვეთი, მიწოდების დაწყების დღეს სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვიდან, პირობითი დარიცხვის განხორციელებიდან ან მომხმარებლის მიერ მიწოდებული მრიცხველის ჩვენების მიღებიდან მომდევნო წაკითხვამდე; ტ) საბოლოო დარიცხვის პერიოდი – დროის მონაკვეთი, სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის ბოლო წაკითხვიდან, პირობითი დარიცხვის განხორციელებიდან ან მომხმარებლის მიერ მიწოდებული მრიცხველის ჩვენების მიღებიდან იმ დღემდე, როდესაც მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე შეწყვეტის გამო, მათ შორის, ბოლო ალტერნატივის შემთხვევის დადგომის შედეგად, წყდება მისი მოქმედება; ტ 1 ) ნეტო აღრიცხვა - ანგარიშსწორების მექანიზმი, რა დროსაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა იქვითება იმავე დარიცხვის პერიოდში მომხმარებლის/მომხმარებელთა ჯგუფის წევრის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობასთან და დადებითი ბალანსის შესყიდვა ხდება საანგარიშო წლის ბოლოს; ტ 2 ) ნეტო დარიცხვა - ანგარიშსწორების მექანიზმი, რა დროსაც მიმწოდებელი, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით, ყოველთვიურად შეისყიდის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიას, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებელი/მომხმარებელთა ჯგუფის წევრი სრულად იხდის მომსახურების საფასურს; უ) ქვითარი – დოკუმენტი, რომელშიც მიმწოდებელი ასახავს მომსახურების საფასურსა და ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას და, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელი ახორციელებს მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას; ფ) (ამოღებულია - 31.01.2025, №1); ქ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ღ) კანონი – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2.ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.06.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 04.02.2025 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

