1.წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქსელის მფლობელი – ქსელის მფლობელი მესამე პირი (ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი), რომელიც არ არის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი და რომელიც ფლობს ერთი ან ერთზე მეტი უძრავი ქონებისგან შემდგარ ელექტრულ (ელექტროგადამცემ ხაზს, ქვესადგურს ან/და სატრანსფორმატორო პუნქტს ან/და გამანაწილებელ, დაცვისა და საკომუტაციო მოწყობილობებს), ბუნებრივი გაზის (ბუნებრივი გაზის მილსადენს ან/და ბუნებრივი გაზის მარეგულირებელ პუნქტს) ან სასმელი წყლის (სასმელი წყლის მილსადენს) ქსელს და ამ ქსელის მეშვეობით ეწევა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარებას; ბ) გატარება – გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, ქსელის მფლობელის მიერ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის წინასწარ განსაზღვრულ წერტილამდე გადატანა; გ) გატარების საფასური - ამ წესის საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება; დ) აქტივების ინვენტარიზაციის აქტი - ინვენტარიზაციის ჩატარების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აქტივის ფაქტობრივი არსებობა და მოიცავს თითოეული აქტივის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს: აქტივის უნიკალური ნომერი, დასახელება, მწარმოებელი (მოწყობილობის შემთხვევაში), მასალა, ელექტრული სადენის დიამეტრი, მილის დიამეტრი, წნევა (გაზის ან წყალმომარაგების ტექნიკური საშუალების შემთხვევაში), კედლის სისქე (მილსადენის შემთხვევაში), გამტარუნარიანობა (მოწყობილობის შემთხვევაში), განლაგება (მიწისზედა/მიწისქვეშა), ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, ექსპლუატაციის ვადა, მდებარეობა, განზომილების ერთეული, რაოდენობა, საკადასტრო კოდი, სართულების რაოდენობა (შენობის შემთხვევაში), საერთო ფართი (შენობის შემთხვევაში, გამოხატული კვადრატული მეტრით), სტატუსი (მოქმედი/უმოქმედო/დაუმთავრებელი მშენებლობა); ე) აქტივის ნარჩენი აღდგენითი ღირებულება – დანახარჯების ჯამური თანხა, რომელიც საჭირო იქნება შესაფასებელი აქტივის ანალოგიური აქტივის შესაქმნელად, შესაბამისი ცვეთის გათვალისწინებით.
2.წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში და კომისიის მიერ დამტკიცებულ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებში.

