ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
ინფორმაციული მიზნით — არ არის იურიდიული რჩევა.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აბონენტი – ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება; ბ) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემა – ტექნოლოგიური სისტემა, ტექნიკური საშუალებები და მათთან დაკავშირებული საოპერაციო მართვის პროგრამული უზრუნველყოფის რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს აბონენტის მიერ ინდივიდუალური, კოდირებული ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიღებას; გ) ადგილობრივი დაშვების ქსელი – ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპერატორის სადენიანი (ელექტროსადენიანი ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი) საკაბელოსახაზო მეურნეობა ან უსადენო (ფიქსირებული რადიოსიხშირული ან ღია ოპტიკური) დაშვების ტექნიკური საშუალებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობასა და საკომუტაციო ან გადამცემ სადგურს შორის გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების გასატარებლად, ციფრული მაუწყებლობის სიგნალების გადასაცემად; დ) ადგილობრივი მომსახურების ზონა – მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი, სადაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ბოლო მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ე) ავტორიზაცია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით; ვ) ავტორიზებული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი). მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაშია შესაძლებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდეს ავტორიზებული პირი მისთვის საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად; ზ) ავტორიზებული პირების ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ან მეტი ავტორიზებული პირის ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და კონკურენციის მახასიათებლები მათი შეთანხმებულად მოქმედებისა და ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობის ერთობლივად მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, მაშინაც კი, თუ მათ შორის არ არსებობს სტრუქტურული ან სხვა სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები; თ) ამოწურვადი რესურსი – რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის რესურსი; ი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური − შესაბამისი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება და გადახდის წესი დგინდება აუქციონის საფუძველზე ან/და კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ ან „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად ან ამ კანონით დადგენილი სხვა წესით; კ) არაპირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მომხმარებლის ან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის ქსელების გავლით; ლ) აუქციონი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება აუქციონში გამარჯვებულ მაძიებელს; მ) მომსახურების ბაზრის კონიუნქტურა – მომსახურების ბაზრის სტრუქტურული და დინამიკური ფაქტორებისა და მომსახურების კონკრეტულ სახეზე მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებით ბაზარზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა; ნ) ბილინგის ინფორმაცია – მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ან ოპერატორის ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის (ტრაფიკის) და მათი საოპერაციო რესურსების გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემები, რომელთაც ოპერატორები აწვდიან ერთმანეთს ან ბოლო მომხმარებელს ანგარიშსწორების ჩატარების მიზნით; ო) ბოლო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის; პ) გადაპირება – ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებ ა-მოვალეობების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ; ჟ) გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისი – ციფრული მაუწყებლობის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მომსახურების სახეების სამომხმარებლო რესურსებისა და ციფრული მაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონალური რესურსების დამაკავშირებელი პროგრამული ინტერფეისი; რ) დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს: რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას; ს) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი – ავტორიზებული პირი, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებას და/ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ტ) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება; უ) დაშვების (ურთიერთჩართვის) წერტილი – თანალოკაციის ფართობზე განთავსებული წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა; ფ) დაშვების (ურთიერთჩართვის) ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის საფასური; ქ) ეკონომიკური საქმიანობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საქმიანობა; ღ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს; ყ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ელექტრო-კავშირგაბმულობის ქსელები) – გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს. სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანოების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების არსებობასაც; შ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა – ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება; ჩ) ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელი – ქსელი, რომელიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, ფუნქციონირებს შიდასაწარმოო საჭიროებისათვის და ჩართულია საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში; ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი – ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ძ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; წ) ერთობლივი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტული ელემენტის განცალკევებად ფუნქციონალურ რესურსებთან ან სიმძლავრეებთან ორი ან მეტი მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება; ჭ) ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თავისი საქმიანობისას ფლობს და იყენებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ან მათი ფუნქციონალური რესურსების სრულ სპექტრს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს კონკრეტული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მთლიან პროცესს; ხ) ზღვრული ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ტარიფის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზედა ზღვარი; ჯ) თანალოკაცია – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდების მიზნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გამოყოფილ სათანადო სიდიდის თანალოკაციის ფართობზე მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება და მისი ტექნიკური საშუალებების განთავსებისა და საოპერაციო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა; ჰ) ინტერფეისი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, საოპერაციო პროგრამული რესურსებისა და სისტემების ურთიერთმოქმედების ფიზიკური ან ლოგიკური ფორმატი, რომელიც განსაზღვრულია საერთო ფუნქციონალური, ელექტრული, ოპტიკური, კონსტრუქციული და სხვა თავსებადობის მახასიათებლებით, პროტოკოლის მიმართ ერთგვაროვანი მოთხოვნებით; ჰ 1 ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ჰ 2 ) კონკურენციის წინასწარი რეგულირება – კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენა და მისთვის ამ კანონით წინასწარ განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება; ჰ 3 ) ლიცენზია – განსაზღვრული ვადითა და სპეციალური პირობებით პირისთვის მინიჭებული სპეციალური უფლება, ისარგებლოს რადიოსიხშირული სპექტრით; ჰ 4 ) მიწოდების მხარის ჩანაცვლება – მომსახურების ბაზარზე დამკვიდრებული კონკურენციის პირობებში ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდების შესაძლებლობა; ჰ 5 ) მნიშვნელოვანი წილის შეძენა – ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის განთავსებულ კაპიტალში იმ ოდენობის წილის (საკონტროლო წილი) შეძენა, რომელიც განაპირობებს ამ პირის საქმიანობის მნიშვნელოვან კონტროლს. მნიშვნელოვანი წილის შეძენა განაპირობებს პირების ურთიერთდამოკიდებულებას; ჰ 6 ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და შეზღუდოს კონკურენცია; ჰ 7 ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები – მომსახურების ბაზარზე ჩამოყალიბებული ტარიფების, კონიუნქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების ფაქტორების გათვალისწინებით გამოყოფილი მომსახურების სახეები, ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჩათვლით; ჰ 8 ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები – კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით გამოყოფილი მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი; ჰ 9 ) მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება; ჰ 10 ) მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა – აბონენტის ან ბოლო მომხმარებლის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად განკუთვნილი, მობილური ან ფიქსირებულ მისამართზე განთავსებული ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც არ არის ოპერატორის ქსელის ნაწილი, თუმცა დაკავშირებულია მასთან; ჰ 11 ) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლება – მომხმარებლის მიერ ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც მეტნაკლებად იმავე საფასურით, ხარისხითა და მოცულობით აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს; ჰ 12 ) მომსახურების ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები – მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები, სადაც ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ან მათი ქსელების სტრუქტურული კავშირის გამო ბაზრის ერთ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება შესაძლებელია მათ ცალ-ცალკე ან ურთიერთშეთანხმებულად გამოიყენონ სხვა სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოსაპოვებლად ან გასაძლიერებლად; ჰ 13 ) ნუმერაციის სისტემა – სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის; ჰ 14 ) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისას; ჰ 15 ) პირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის უშუალოდ დაშვება; ჰ 16 ) რეგულირების საფასური – ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური; ჰ 17 ) სააბონენტო ნუმერაცია – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის; ჰ 18 ) საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ერთიანი სისტემა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებლისთვის საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად; ჰ 19 ) საზიანო ხელშეშლა – ხელშეშლა, რომელიც საზიანო გავლენას ახდენს რადიოდანადგარზე ან/და მომხმარებლის ტერმინალურ მოწყობილობაზე; ჰ 20 ) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჭირო სახით იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; ჰ 21 ) სიმძლავრე – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტის ფუნქციონალური რესურსის რაოდენობრივი მახასიათებელი; ჰ 22 ) ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელები – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელისგან ფიზიკურად განცალკევებული ქსელები, რომლებიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად; ჰ 23 ) სპეციფიკური ვალდებულება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება; ჰ 24 ) სტრუქტურული ქვედანაყოფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის შიდაორგანიზაციული სტრუქტურის ფუნქციური ქვედანაყოფი, რომელიც ავტორიზებული პირის საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს და ახორციელებს განსაზღვრული სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას; ჰ 25 ) ტექნიკური საშუალებები – ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების ფორმირების, დამუშავების, გატარების, გადაცემის ან მიღების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის აღჭურვილობა და საშუალებები; ჰ 26 ) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – პრინციპი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს; ჰ 27 ) ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი – პირი, რომელიც ფლობს და საქმიანობს ტრანზიტული გატარების ან გადაცემის ქსელის ელემენტებით და მათი გამოყენებით აერთებს ერთ ან რამდენიმე ადგილობრივი მომსახურების ზონაში მოქმედი სხვადასხვა ოპერატორების ქსელებს, ან ახორციელებს სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ან ციფრული მაუწყებლობის საინფორმაციო სიგნალების გატარებას ან/და გადაცემას; ჰ 28 ) ტრაფიკი – ოპერატორის ქსელის ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებების ჯამური დატვირთვა დროის ინტერვალში; ჰ 29 ) ურთიერთჩართვა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით; ჰ 30 ) (ამოღებულია - 28.12.2005, №2564); ჰ 31 ) (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ; ჰ 32 ) (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ; ჰ 33 ) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები); ჰ 34 ) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები – სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფუნქციონალურად ერთგვაროვანი მომსახურების სახეები, რომლებიც ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი მომსახურება მეორეთი; ჰ 35 ) ურთიერთოპერაბელურობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ინტერფეისების, აგრეთვე ტექნიკური, საოპერაციო და ფუნქციონალური მახასიათებლების ურთიერთთავსებადობა ან/და ურთიერთმართვადობა; ჰ 36 ) ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება – ტელემაუწყებლობა, რომლის პროგრამების წარმოება, რედაქტირება და მომხმარებლისთვის მიწოდება უზრუნველყოფილია ფართოეკრანიან (16/9) ფორმატში; ჰ 37 ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელი, ფუნქციონალურად განცალკევებული (ან განცალკევებადი) ტექნიკური ან ტექნოლოგიური საშუალებები, მათი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსები და სიმძლავრეები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს: გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებას, გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას); ბილინგის ინფორმაციის შეგროვებას; ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების პირობების მართვას და ურთიერთოპერაბელურობას; სააბონენტო ნომრების პორტაბელურობას; ოპერატორის საოპერაციო, საცნობარო, დამხმარე და საგანგებო მომსახურებას; ქსელების სინქრონიზაციასა და სიგნალიზაციას; გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში შეღწევას; მულტიმედიას; ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას; კონვერსიას, კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას; პეიჯინგს; ციფრული მონაცემების ტელედამუშავებას და ინტერნეტის ან სხვა პროტოკოლის გამოყენებით გადაცემას და სხვა; ჰ 38 ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფასთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული ქსელის ელემენტები ან ტექნიკური საშუალებები და მათი ფუნქციონალური რესურსები, მათ შორის, ციფრული მაუწყებლობის მიწოდებასთან დაკავშირებული აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემის რესურსები; ჰ 39 ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის თავისუფალი ელემენტი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტი, მისი ფუნქციონალური რესურსი ან სიმძლავრე, რომელიც არ არის დატვირთული და რომლის გამოყენებაც ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნების დაცვით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად; ჰ 40 ) შერწყმა – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორი ავტორიზებული პირის გაერთიანება ერთ სამეწარმეო პირად, რომელიც თავდაპირველი ავტორიზებული პირების სამართალმემკვიდრეა; ჰ 41 ) ციფრული ტელემაუწყებლობის აღჭურვილობა – ბოლო მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა, რომელიც მიერთებულია სატელევიზიო მიმღებთან ან ინტეგრირებულია მასში და განკუთვნილია ციფრული, ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მისაღებად; ჰ 42 ) ლიცენზიის გაუქმება – ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება; ჰ 43 ) პირი – ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი; ჰ 44 ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებისათვის ან/და გადაცემისათვის; ჰ 45 ) მაუწყებლობის ტრანზიტი – ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი; ჰ 46 ) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა (ტრანსლირება) – ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირით შეცვლისას ; ჰ 47 ) (ამოღებულია - 23.12.2017, №1929); ჰ 48 ) საოპერაციო აქტივი − არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია , რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით ; ჰ 49 ) რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება − იმ პირის მიერ, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, საქმიანობისათვის რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე; ჰ 50 ) (ამოღებულია - 23.12.2017, №1929); ჰ 51 ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი − ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი შესაბამისი ელემენტებით (მათ შორის, მულტიპლექსპლატფორმა), რომელიც გამოიყენება ციფრული ტელემაუწყებლობის გასავრცელებლად; ჰ 52 ) მულტიპლექსპლატფორმა − ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ტელეპროგრამებს და მათთან დაკავშირებულ მონაცემებს, აგრეთვე სხვა შესაბამის მონაცემებს ციფრულ ფორმატში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში გასავრცელებლად. ჰ 53 ) რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთი (რადიოსიხშირული დიაპაზონი) – ევროპის ფარგლებში ან/და საერთაშორისო დონეზე ჰარმონიზებული ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დანაწილებული/შემოფარგლული და „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული დაწყვილებული ან დაუწყვილებელი რადიოსიხშირული რესურსი; ჰ 54 ) მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობა – კომისიის მიერ დადგენილი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ერთი და იმავე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად; ჰ 55 ) რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობა – რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის მეგაჰერცებით ან პროცენტებით გამოხატული მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დგინდება აუქციონის გამოცხადების შესახებ ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით; ჰ 56 ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა – კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით; ჰ 57 ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით; ჰ 58 ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული საშუალებების გამოყენებით; ჰ 59 ) მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში არის შუალედური რგოლი უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემასა და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურას შორის და უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციისა და დეაქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ტექნიკურ აღსრულებას; ჰ 60 ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია − ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება; ჰ 61 ) ობიექტი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 31-ე ნაწილით განსაზღვრული ობიექტი, აგრეთვე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტი; ჰ 62 ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; ჰ 63 ) ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმა – მულტიპლექსპლატფორმა, რომელიც განკუთვნილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საეთერო მაუწყებლების განსათავსებლად; ჰ 64 ) მაღალი გარჩევადობის ფორმატი – კომისიის მიერ განსაზღვრული ტელემაუწყებლობის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესის დადგენისას; ჰ 65 ) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 37-ე ნაწილით განსაზღვრული იდენტიფიკატორი, აგრეთვე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იდენტიფიკატორი; ჰ 66 ) უფლებამოსილი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო; ჰ 67 ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა: ჰ 67 .ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში, ავტომატურ რეჟიმში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას; ჰ 67 .ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების მიზნით ობიექტის მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ბრძანების ინიციირებით მისი გეოლოკაციის რეალურ დროში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას; ჰ 68 ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/მონტაჟით; ჰ 69 ) უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემა – კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურის შემადგენელი პროგრამული ინტერფეისი, რომლითაც უფლებამოსილი ორგანო ახდენს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციისა და დეაქტივაციის შესახებ ბრძანებათა დისტანციურ ინიციირებას და რომელიც გადაჭერილი ინფორმაციის მიღების საბოლოო პუნქტია; ჰ 70 ) მედიაწიგნიერება – „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მედიაწიგნიერება; ჰ 71 ) მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემა − ტექნიკური სისტემა, რომელიც იძლევა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული ან მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ძებნის ინიციირების შესახებ ან/და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ პოლიციის ან სხვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მიერ მოთხოვნის წარდგენისა და წარდგენილი მოთხოვნის გაუქმების შესაძლებლობას, ამასთანავე, დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული ან მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელში აქტივაციის (მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) შემთხვევაში აქტივაცია მოიცავს აქტივაციის მცდელობის შემთხვევებს) შესახებ ინფორმაციის პოლიციისთვის ან სხვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდების შესაძლებლობას. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 20 თებერვლის კანონი №2039 - ვებგვერდი, 27.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2632 - ვებგვერდი, 12.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5021 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №480 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5617 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6305 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №893 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1577 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ