„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 22. მომხმარებლისათვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენა

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმწოდებელს უფლება აქვს, უარი თქვას მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზე ან შესაბამის სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტა: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში; ბ) თუ  მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, გარდა ამ წესების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა; გ) ამ წესების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიწოდების წყვეტადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით და წესით; დ) მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე შეწყვეტის გამო, მათ შორის, ამ წესების მე-8 მუხლის 6 1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

2.თუ მიწოდება ხორციელდება ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის მეშვეობით, ამ წესების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადებული მიწოდების ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მიმწოდებლის უფლებას, მომხმარებლის მიერ ერთი აღრიცხვის კვანძის ჩვენების საფუძველზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუწყვიტოს მომხმარებელს მიწოდება სხვა აღრიცხვის კვანძზე/კვანძებზე.

3.მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მიწოდების შეწყვეტის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საფუძველზე მითითებას, აგრეთვე, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობის შესახებ დათქმას: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას – თვითმმართველ ქალაქებში არსებული მომხმარებლის შემთხვევაში; ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას, აგრეთვე, უქმე დღისა და შაბათ-კვირის წინა დღეს – სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული მომხმარებლის შემთხვევაში; გ) კალენდარული თვის 16 რიცხვამდე – იმ მომხმარებლისთვის, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს პენსიონერს; დ) კალენდარული თვის 22 რიცხვამდე – ამ წესების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის; ე) 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში.

4.დაუშვებელია მიწოდების შეწყვეტა შემდეგ შემთხვევებში: ა)  მომსახურების საფასურის არასრულად გადახდისას, თუ მომსახურების საფასურის სრულ ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები; ბ) თუ მომხმარებელს დარიცხული მომსახურების საფასურის თაობაზე მიმწოდებლისთვის წარდგენილი აქვს პრეტენზია და საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული არ არის შესაბამისი გადაწყვეტილება, გარდა მიმდინარე პერიოდზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევისა; გ) თუ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა, აინაზღაუროს მომსახურების საფასური მომხმარებლის მიერ ამ წესების 24-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეპოზიტი წარდგენილია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ან ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით; დ) ერთ მიწოდების მისამართზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო – მეორე მიწოდების მისამართზე; ე) ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში – ერთ აღრიცხვის კვანძზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო – სხვა აღრიცხვის კვანძზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ვ) კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ზ) მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

5.მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდების აღდგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების აღმოფხვრიდან ან მომხმარებელთან ამ წესების მე-18 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადებიდან არაუგვიანეს 5 საათისა, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის აღმოფხვრა ან მომხმარებელთან ამ წესების მე-18 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადება განხორციელდა: ა) 09:00-დან – 16:00 საათამდე პერიოდში, ხოლო შაბათ-კვირას – 09:00-დან – 14:00 საათამდე პერიოდში; ბ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე.

6.მიწოდება უნდა აღდგეს  მომდევნო კალენდარული დღის 12:00 საათამდე, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების აღმოფხვრა ან მომხმარებელთან ამ წესების მე-18 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადება განხორციელდა: ა) 16:00 საათის შემდეგ, ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ; ბ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
252325113103106214915922
მნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის საცალო…ენერგეტიკისა და წყალმო…საგადახდო სისტემისა და…სასმელი წყლის მიწოდები…სახელმწიფო შესყიდვების…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა